მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ხარება — ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი) ქრისტიანულ ეკლესიაში. აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით). ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
ქრისტიანობაში ხარების სიმბოლოდ, თეთრი შროშანი ითვლება. ეს ყვავილი სისუფთავისა და ღვთისმშობლის უმანკოების სიმბოლოა.
ამ დღეს დაშვებულია მიირთვათ ცოტაოდენი თევზი და ღვინო.
ხარების დროს საქართველოში მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღესრულება ხოლმე, თუმცა ხარებას ასევე უკავშირდება მნიშვნელოვანი ხალხური წეს-ჩვეულებები, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ჩანაწერების სახით თუღაა შემორჩენილი.
ხარებას აკრძალული ყოფილა მუშაობა. შეიძლებოდა მხოლოდ სიმბოლურად დაემყნოთ ხეხილი. იცოდნენ თევზის ჭამა. ქართლში ვისაც მიცვალებული ჰყავდა, გააკეთებდა კოლიოს, თევზს (ზურგიელს) და მღვდელს აკურთხებინებდა.