ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს “თავშიავარდნილი” უწოდა, თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ რესურს ცენტრმა მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც თავად ფერიდე შაინიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.
სოციალურ ქსელში ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ფერიდე შაინიძის სახელით დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარი შუახევში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს ეხებოდა. “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – წერდა ფერიდე.
სკანდალის შემდეგ შაინიძემ კომენტარი წაშალა და ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის გვერდმა გამოაქვეყნა ოფიციალური ცრუ ინფორმაცია, თითქოს დირექტორს სოციალური ქსელი გაუტეხეს და აღნიშნული კომენტარი მას არ დაუწერია, თუმცა “მეტრონომთან” საუბრის დროს სკოლის დირექტორი ცალსახად ამბობს, რომ კომენტარი მას ეკუთვნის და საუბარში ისიც განმარტა, რომ ის არამარტო მოკლულ ქალბატონს, არამედ ყველა “თავშიავარდნილ ქალს” ეხება. იხილეთ ვიდეო
შეგახსენებთ, რომ გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა.