ФСБ-ს მეთაურმა ალექსანდრ ბორტიკოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ “კროკუს სითი ჰოლის” ტერაქტის შედეგად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის 4 ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასობრივ ხოცვაში.
“მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში.
ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ ვინ თანამშრომლობდა რუსეთიდან 4 ტერორისტთან.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულთა ვინაობა ასე გამოიყურება – ესენი არიან 37 წლის მაჰმადრასულ ნასრიდინოვი, 51 წლის ისმონოვ რივოჟიდინი, 21 წლის საფოლზოდა შოჰინჯონი და 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი.
ჯერჯერობით უცნობია, დანარჩენი 7 დაკავებულია ვინაობა. ასევე უცნობია რა ბრალდებით არიან აყვანილი ისინი. ცოტა ხნის წინ რუსეთის “ტელეგრამ” არხში ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება გავრცელდა:
– რას აკეთებდი “კროკუსში”?
– დავხოცე ხალხი.
– რატომ?
– ფულის გამო. სადღაც 500 000 რუბლი გადამიხადეს.
– სად მიიღე?
– ჯერ არ მიმიღია, ნახევარი ჩამირიცხეს ბარათზე.
– ბარათი სადაა?
– ტანსაცმელთან ერთად.
– იარაღი საიდან მიიღეთ?
– თვითონ მათ უზრუნველყვეს იარაღი.
– ვინ „მათ“?
– არ ვიცი, ტელეგრამზე მომწერეს, არც სახელი იყო, არც სხვა მონაცემები. თვითონ მომწერეს.
– მქადაგებელს ვუსმენდი და მისმა დამხმარემ მომწერა.
– რა ჰქვია დამხმარეს?
– არ ვიცი, არ ეწერა სახელი.
– როდის მოგწერა?
– ალბათ, ერთი თვის წინ.
– რა მოგწერა კონკრეტულად, საიდან დაიწყო?
– უბრალოდ მომწერა, მერე შემომთავაზა ფული რომ ასეთი საქმეები გამეკეთებინა.
– როგორი ასეთი საქმეები, კონკრეტულად თქვი?
– ხალხის მოკვლა.
– რომელი ხალხის?
– კონკრეტულად არავინ, უბრალოდ ხალხის დახოცვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის “კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
წყარო: Ambebi.ge