ამ ეტაპზე გაყიდულია არსებული ბილეთების 20%, სულ კი სტადიონი 54 139 მაყურებელს იტევს. რიგში არის 229,100 მომხმარებელი.
დინამო არენა – ისტორია მშენებლობა 1933 წელს დაიწყო (ავტორი, არქიტექტორი- არჩილ ქურდიანი). საბოლოოდ მშენებლობა 1935 წლის 12 ოქტომბერს დასრულდა და არენის ოფიციალური ტევადობა 23 000 მაყურებლით განისაზღვრა. 1954 წლიდან 1956 წლამდე სტადიონზე ჩატარდა რეკონსტრუქცია (ავტორი, არქიტექტორი – არჩილ ქურდიანი) და მისი ტევადობა 36 000- მდე გაიზარდა. 1974-1976 წლებში დინამო არენას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (ავტორები, არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი და გია ქურდიანი. კონსტრუქტორი – შალვა გაზაშვილი). შეიცვალა სტადიონის იერი და მისი ოფიციალური ტევადობა 75 000- მდე გაიზარდა. რეკონსტრუქციის პერიოდში დინამო თავის საშინაო მატჩებს ლოკომოტივის სტადიონზე მართავდა. ოფიციალურად სტადიონი 1976 წლის 29 სექტემბერს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალის შეხვედრით გაიხსნა. დინამო თბილისმა უელსურ კარდიფ სიტის უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. (გოლები კარდიფის კარში გუცაევმა, ყიფიანმა და კანთელაძემ გაიტანეს) მომდევნო რეკონსტრუქცია სტადიონს 2006 წელს ჩაუტარდა (ავტორები, არქიტექტორები- გია ქურდიანი და არჩილ ქურდიანი უმცროსი) და სტადიონის ტევადობა 54139 გახდა. სტადიონი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრით გაიხსნა. 2006 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 2012 წელს დინამო არენაზე ძველი სათამაშო მინდორი შეიცვალა უახლესი, მაღალხარისხიანი გაზონით. მოხდა ენერგოსისტემის და საირიგაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი განათება, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირ მკაცრ მოთხოვნებს. VIP ლოჟა მთლიანად შეიცვალა და გადაეწყო უეფას სტანდარტზე. 2015 წელს დინამო არენამ უეფას ევროპის სუპერთასს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდნენ. ამ მატჩისთვის ტრიბუნებზე მთლიანად შეიცვალა სკამები. განახლდა და მთლიანად გადაიხურა პრეს ლოჟა, რომელიც აღიჭურვა უეფას სტანდარტების კომუნიკაციის არხებითა და მერხებით. ხელახლა გარემონტდა შიდა სათავსოები და სასაწყობე მეორნეობა. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე ძველი ტაბლოს ნაცვლად დამონტაჟდა თანამედროვე მრავალფუნქციური ტაბლო. სტადიონის ოფიციალური სახელწოდება: 1936 – დინამოს სტადიონი 1937 – 1952 ბერიას სახელობის დინამოს სტადიონი 1952 – 1964 დინამოს სტადიონი 1976 – 1990 ლენინის სახელობის დინამოს სტადიონი 1990 – 2011 ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 2011 წლიდან – ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა მაყურებლის მაქსიმალური რაოდენობა დინამო არენაზე 1979 წლის 7 ნოემბერს დაფიქსირდა. ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალურ შეხვედრას, რომელშიც დინამო თბილისმა ჰამბურგს უმასპინძლა, 130 000 გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი 2-3 დასრულდა. გოლები გუცაევმა, კიგანმა, ჰრუბეშმა, ყიფიანმა და ბულიანმა გაიტანეს.