სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის ბიუჯეტის გაზრდას თეოლოგი ლევან აბაშიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს თანხა საგანმანათლებლო დაწესებულებას მოხმარდება.
„სიმართლე გითხრათ, ინფორმაცია ბიუჯეტის გაზრდაზე არ მქონია და არც ის მიზეზები ვიცი, რატომ მოხდა ეს დაფინანსება… თუმცა, აქამდე რა დაფინანსებაც შესდიოდა საპატრიარქოს იყო სრულიად საგანმანათლებლო ხასიათის და ეს საგანმანათლებო ბიუჯეტი, ფაქტობრივად საპატრიარქოს არც ეკუთვნოდა, ეს ემსახურებოდა სკოლების მოწყობას და სწავლებას. უბრალოდ, საპატრიარქო კურირებდა სკოლების აღორძინების თემას, მაგრამ კიდევ გავმეორდები, ეს ბიუჯეტი არ რჩებოდა საპატრიარქოში… გამოდის რომ ეს თანხა ისევ საზოგადოებას უბრუნდება, სკოლების სახით. წარმოიდგინეთ, თუ ეს სკოლები დაიხურება სახელმწიფოს მოუწევს ამ სკოლების მართვა და ასევე, ფინანსურად ჩართულობა… ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება სახელმწიფოს მიერ ამ თანხის გამოყოფა“, – განაცხადა თეოლოგმა.
რაც შეეხება, სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, თეოლოგი ეთანხმება და ამბობს:
„იმას, რომ არაერთი კომენტარი გაკეთდა, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, დიახ ფასები ყველაფერზე გაზრდილია, ასე რომ ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოს ფული გამოუყოს საგანმანათლებლო სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. კიდევ დავამატებ, რომ ეს ემსახურება ისევ საზოგადოებისთვის კეთილ საქმეს და ეს თანხა ბიუჯეტიდან არ არის არამიზნობრივად დახარჯული“.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო ყოველ დროში ეხმარებოდა ეკლესიას ეს იქნებოდა უძრავი ქონება თუ ფინანსები… ამიტომ, მე ამ გადაწყვეტილების მიმართ არ ვარ ნეგატიურად განწყობილი“, – თქვა თელოგმა და დასძინა, რომ თანხა რომელსაც საპატრიარქო განათლებაში ჩადებს ისევ საზოგადოებას დაუბრუნდება.
„სკოლები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი საგანმანათლებლო სკოლები. მინდა გითხრათ, რომ ზოგი ათეისტია, თუმცა ამ სტუდენტებს სურთ თეოლოგიის სწავლა… ასე რომ, ეს თანხები ისევ უბრუნდება საზოგადოებას, მისივე განათლებისათვის… მინდა გითხრათ, რომ ეს ხდება ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში, გერმანიაშიც ასე არის – მჭიდრო ურთიერთობა არის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის და სახელმწიფო ეხმარება ამ თანხების მოზიდვაში და ეს თანხა ისევ უბრუნდება საზოგადოებას… ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს უნდა უკეთდებოდეს აუდიტი, რადგან ეს თანხები ნამდვილად არ რჩება საპატრიარქოში და ეს თანხები ემსახურება ისევ და ისევ საზოგადოებას, ამ სკოლების შექმნით ან პედაგოგებისთვის თანხის გამოყოფით“, – ამბობს თეოლოგი.
წყარო: tia.ge