ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფი ქართველი ფორმულასთან აცხადებს, რომ კრიმინალების ხელში ქართველების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად შესვლას ე.წ. გადამყვანის დახმარებით გეგმავდნენ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
ერთ-ერთი გატაცებული ქართველი 8-კაციანი ჯგუფის წევრია და ამ წუთებშიც ტყვეობაში იმყოფება. ის გადამყვანებს გამოსასყიდი თანხის გადახდისკენ მოუწოდებს.
ამასთან, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მექსიკაში, გატაცებულთა შორისაა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაბამისი პირობები და ისინი ახლა გათავისუფლებას ელოდებიან.
ფორმულას ინფორმაციით, გატაცებული 30 საქართველოს მოქალაქიდან, 15 ადამიანის თანხა – დაახლოებით 45 000 დოლარი უკვე გადახდილია.
“თითო კაცზე 2 000 დოლარს ითხოვენ. ისე ვიზამთო, რომ გადავიყვანთო საზღვარზე. 8 კაცი ვართ და არავინ ყურადღებას არ იჩენს. დამირეკა ერთმა და ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო. 2 საათია ველოდებით და კაციშვილი არაა ჩვენი გამყვანი, გადაუხადეთ და გაგვიშვით”, – ამბობს ერთ-ერთი გატაცებული ფორმულასთან.
მექსიკის საზღვართან ქართველები გუშინ გაიტაცეს. ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.
გუშინ, გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
წყარო: formulanews.ge