სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოჩენილი ვიდეო და მოულოდნელი პოპულარობა – ქუთაისელ რუსკა შარვაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს.
21 წლის იყო, როცა თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. მუშაობს ახალი პროფესიით, ჰყავს მეუღლე და მალე პატარას დედა გახდება.
„პრაიმტაიმი“ რუსკა შარვაძესთან ჩაწერილ ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:
– სოციალურმა ქსელებმა უამრავი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გაგვაცნო, ერთ-ერთი აღმოჩენა თქვენ ხართ – ერთი ვიდეოთი თითქმის, მთელმა საქართველომ გაგიცნოთ. ხშირად სტუმრობდით გადაცემებსაც. ახლა როგორ ცხოვრობთ? როგორც ვიცი, სწავლის პარალელურად, ახალ პროფესიასაც დაეუფლეთ…
– მოგესალმებით, ისევ ისეთი პოზიტივით ვაგრძელებ ცხოვრებას, როგორც თქვენთან სტუმრობის დროს აღვნიშნე. რაც შეეხება ჩემს ახალ პროფესიას, პედიკურ-მანიკურის სპეციალისტი გახლავართ. ეს საქმიანობა პანდემიის დროს შევითავსე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უმაღლესში სწავლა დასრულებული არ მქონდა.
დისტანციურმა სწავლებამ და დიდი დროით სახლში ყოფნამ ჩემში ძალიან დიდი დისკომფორტი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, გადავწვიტე, ამ პროფესიის შესწავლა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი ნაბიჯი იყო. არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება და სხვას ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩემს მომხმარებლებს თუ დავუჯერებთ, კარგი „ნეილ არტისტი“ უნდა ვიყო. რაც შეეხება ჩემს სამუშაო გარემოს, თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ყოფნა არასდროს მომწყინდება.