ნატო გელაშვილის შემოქმედებას საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი სიმღერები უსაზღვრო ადამიანური სევდითა და სიხარულით არის სავსე, ისევე, როგორც მისი ცხოვრება…
ქალბატონი ნატო ინტერვიუზე მხოლოდ ერთი პირობით დაგვთანხმდა – რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებდით. მასთან ძალიან თბილი, გულწრფელი ინტერვიუ ჩავწერეთ.
– ქალბატონო ნატო, როგორ უმკლავდებით სტრესსა და დაძაბულობას, რომელიც კორონავირუსმა ყველას მოგვიტანა?
– არ დაგიმალავთ, რთული პერიოდი მეც მქონდა. გაზაფხულზე, როცა პირველი კარანტინი გამოცხადდა, პანიკას ავყევი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ მუდმივ დაძაბულობასა და შიშში ყოფნა დამანგრეველია. ამიტომ ახალ რეალობას, ახალ ცხოვრებას შევეგუე და თანდათან დავმშვიდდი. ყოველ დილით ვლოცულობ, მოვისმინე არაჩვეულებრივი რჩევა პატრიარქისგან: ილოცეთ და სახლში ყველაფერს ნაკურთხი წყლით ჯვარი გადასახეთო. ეს წესები ერთგვარ რიტუალად ვაქციე და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა უკვე მშვიდად ვარ. გარდა ამისა, სულ ვცდილობ, ნაკლებად მოვუსმინო მძიმე ინფორმაციას, რომელსაც ტელეეთერიდან გადმოსცემენ. როცა აქტიურად ვუსმენდი და ყველაფერს ვკითხულობდი, პანიკური შიში დამეწყო და ამან დამანგრია. ამიტომ მცირე ინფორმაციული ვაკუუმი მოვიწყვე, რამაც ძალიან გაამართლა.
– თუმცა, ყველა ვერ ითმენს – მაინც ვრთავთ და მაინც ვუსმენთ მძიმე ინფორმაციებს, რომელიც მართლა დამანგრეველია.
– მე აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა. ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა – ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა. ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო…
– როგორ ფიქრობთ, ძლიერი ადამიანი ხართ?
– არ ვიცი. შეიძლება იმ სტრესმა, რაც გამოვიარე, მართლა გამაძლიერა. მეორე მხრივ, ცხოვრებას დავმორჩილდი და ახლა უარყოფითი ამბების მოსმენა აღარ მინდა. აღარ მინდა, იმავე მდგომარეობაში დავბრუნდე, მეშინია, ისევ დარდმა არ ჩამითრიოს და ირგვლივ სულ პოზიტივს დავეძებ. დილით ძაღლი რომ გამყავს სასეირნოდ, ყველას ვუღიმი, ვესალმები, ყველას ამბავს ვკითხულობ. ადამიანი დაძაბული და შეწუხებული სახით რომ დგას, ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ყველაფერი გაივლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს მეგობრებს, ზოგს კორონავირუსი აქვს, ზოგს სხვა პრობლემები აწუხებს, მეც ცხოვრებაში ბევრი რამ გადავლახე და ვცდილობ, მათაც დავეხმარო, განსაცდელი მათაც გადავალახვინო.
წყარო: viola.ge