დღეს, 16 თებერვალს, გორის რაიონულ სასამართლოში ახალციხელი კაპრალის ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა დაბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
აფრიამაშვილების ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.
მერაბ ცუხიშვილის ვარაუდით, დაპირისპირება სამხედროებს შორის სამსახურში, ბრიგადის ტერიტორიაზე დაიწყო, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე საქმეში არ დევს ვიდეოთვალის ჩანაწერები.
,,ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა პროკურორი მოეთხოვა სასამართლოს განჩინება და დაეკავებინათ ეს პირები. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რატომ აკეთებდნენ ამას. ჩემი ვარაუდით, სამხედრო ბრიგადის ტერიტორიაზე დაიწყო ფიზიკური ანგარიშსწორება და გარკვეულწილად, ამ ფაქტის გამჟღავნება არ აწყობდათ. ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტი გამოვლინდა გამოკითხვის დროს.
სამი პირიდან ორი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ირაკლისთან, შეესწრო ამ ამბავს და რაღაც მომენტში გააშველა კიდეც, თუმცა თავად ეს პიროვნება გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია. ბევრი რამ იმალება კიდევ.
ის კი არა და, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი არ ჰქონდა არავის მინიჭებული. ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, ორი მოქმედი იყო და განცხადებები დააწერინეს გათავისუფლებაზე. კი, სამივე სამხედრო პირია” – აღნიშნავს მერაბ ცუხიშვილი.
ადვოკატის თქმით, აფრიამაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ასევე საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა.
შემთხვევა 11 იანვარს მოხდა. თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გამოძიება, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.