“პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს.
“პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.
შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში” წერს მიხეილ სააკაშვილი.
reuters-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
nbcnews.com-ის ინფორმაციით, ნავალნი „სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და მალევე გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულების მედპერსონალი და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ მათ დადებითი შედეგი არ გამოუღიათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურა“.