ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ.
როგორც სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ, ასაკი 18-დან 60 წლამდე; სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, პირი არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია, გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა ევალება.