თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია თავისი საერო ცხოვრების, ოჯახის, პატრიარქთან ურთიერთობისა და უდიდესი წინაპრის, ამბროსი ხელაიას შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
– ბავშვობის წლები ძალიან ლამაზი იყო, ოთხი ძმა ვართ და ოჯახში ყველა თაობა ერთად ვცხოვრობდით – დედა, მამა, ბებია და ბაბუა. ბებიის სითბო და სიყვარული, ბაბუის დარიგებები, მასთან ურთიერთობა ჩემზე ძალიან დადებითად აისახებოდა, თანაც მისი სახელი მქვია, სულ ბაბუსთან ერთად ვიძინებდი და ბევრ რამეს მიყვებოდა. იყვნენ მეორე ბებია-ბაბუა – დედას მამა, სტეფანე ხელაია, და ნუნუ ბებია. ისინიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდნენ. დიდ სითბოსა და სიყვარულში გავიზარდე. დღეს ისინი ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ ჩემს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვეს.
მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შვილები ერთმანეთისგან არ უნდა გამოარჩიოს, რაც, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე – ერთ შვილს უპირატესობას ანიჭებენ და მეორეს აკნინებენ. მშობელი ბავშვს ეუბნება, შენი და ან ძმა შენ გჯობია, უკეთ იქცევაო, და ამით მის პიროვნებას ძალიან თრგუნავს. არც ისაა სწორი, შენიშვნა არ მისცე, თუ რაიმეს აშავებს და არც მუდმივად დათმობა. ოქროს შუალედი უნდა მოძებნო. ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა დედმამიშვილების ურთიერთობა, მეგობრებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, რაც არასწორია, რადგან დასა და ძმაზე, შენს სისხლსა და ხორცზე მეტად ვინ უნდა გიყვარდეს? თუ ეს დამოკიდებულება არა გაქვს, პრობლემა შენშია, არ გესმის, ეს რა ფასეულობაა.ძმებს სოფელში ფიზიკურად გვიწევდა მუშაობა, ერთმანეთს მხარში ვედექით. ხანდახან ჩვენც ვზარმაცობდით. ცელქი ვიყავი. სკოლაში იყო რაღაც საგნები, რომლებიც არ მიყვარდა, ზოგი კი პირიქით, ძალიან მიყვარდა და არ ყოფილა შემთხვევა, ის გაკვეთილი არ მომემზადებინა. იყვნენ პედაგოგები, რომლებიც ძალიან მიყვარდა და მათგან გამომდინარე მათი საგანიც. როგორც ყველა ბავშვი, მეც ისე ვიქცეოდი და უნდა გავუგოთ ხოლმე ჩვენს შვილებს. ზოგ მშობელს არ ესმის შვილის, ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს, მაგრამ სხვა მიდგომაა საჭირო, ის ხომ პატარაა და ჯერ ბევრი რამ არ იცის, ვერ ხვდება, სხვა შეხედულებები აქვს და თავის წარმოჩენასა და დამკვიდრებას ცდილობს. კარგი პედაგოგი სწორად მართავს ამ ყველაფერს და ეს მნიშვნელოვანია.
– ერთგან ბრძანეთ, რომ იოანე, თქვენი გარდაცვლილი შვილი, ძალიან მეხმარება ხოლმეო…
– იოანე ჩემი მეოთხე შვილია, ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი. როდესაც ადამიანს სარწმუნოება არა აქვს, ძალიან რთულია ელაპარაკო ცოცხალ რწმენასა და ასეთ ურთიერთობებზე, მაგრამ როცა ამას სარწმუნოებით უყურებ, მართლაც შეგრძნებების დონეზე ესაუბრები. იოანე ფერისცვალების მამათა მონასტერში განისვენებს, თაბორის მთაზე. მიწას რომ ვაყრიდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბევრი რამ თან გაჰყვა მას. ბევრი რამ გადაფასდა ჩემში, უმნიშვნელოდ იქცა მიწიერი რაღაცები და ყველა დეტალი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ახლა ადამიანებს ბევრად სიღრმისეულად ვუდგები, ბევრ რამეს ვპატიობ, მათ შეცდომებს სხვანაირად ვხედავ. როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი. მამებმა მითხრეს, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ როცა იმ ადამიანებმა დამირეკეს, ძალიან გთხოვთ, თქვენ გამო ჩამოვედით და ძალიან გვინდა ეს მსახურება თქვენ ჩაატაროთო, უარი ვეღარ ვუთხარი.
სრულად იხილეთ: https://kvirispalitra.ge/article/110803-zogjer-chvens-tavs-unda-gadavabijot/