სინოდალურმა კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.
განცხადებაში წერია,რომ დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
მამა პეტრე კვარაცხელია Ambebi.ge-სთან გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
“მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი..
ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.
ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა აუცილებლად მოვალ და თუ არადა საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხვდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია ისინიც გასცემენ პასუხს.
ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის ვფიქრობ, ის რასაც ველოდი”– აცხადებს მამა პეტრე კოლხი “ამბები ჯისთან.”