ანტარქტიდის ყინულის საფარს გიგანტური აისბერგი, მოსწყდა, დაახლოებით მანჰეტენზე ოთხჯერ დიდი. 2020 წლის ნოემბერში გაჩენილი ბზარი ზრდას განაგრძობდა და საბოლოოდ, დანარჩენ მასას 26 თებერვალს მოსწყდა. ე. წ. ჩრდილოეთ ბზარი მესამე დიდი ნაპრალი იყო, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ბრანტის შელფურ მყინვარზე გაჩნდა; ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის მეცნიერები მის მოწყვეტას ელოდნენ.
„ბრანტის შელფური მყინვარიდან ამ აისბერგის მოწყვეტას ჩვენი ჯგუფი წლები ელოდა. უახლოეს კვირებსა და თვეებში, აისბერგი შეიძლება ზღვაში დაიძრას, გაირიყოს და ბრანტის მყინვარის სიახლოვეს დარჩეს“, — ამბობს განცხადებაში ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის დირექტორი ჯეინ ფრენცისი.
აისბერგი არის ყინულის ნაჭერი, რომელიც მყინვარს ან შელფურ მყინვარს მოსწყდა და ღია წყალში შეცურდა. ჩრდილოეთის ნაპრალი იანვარში დღეში ერთი კილომეტრით იზრდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით; მაგრამ 26 თებერვლის დილას, ნაპრალი რამდენიმე საათში ასობით კილომეტრით გაფართოვდა.
განცხადების მიხედვით, ყინულის მოწყვეტა ბუნებრივი პროცესის შედეგად მოხდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილებამ რაიმე როლი ითამაშა. ბრანტის შელფური მყინვარი ზღვაში შეჭრილი 150 მეტრი სისქის ყინულია, რომელიც წელიწადში 2 კილომეტრით დასავლეთით გადაადგილდება და გზადაგზა აისბერგებიც სწყდება.
თუმცა, ეს აისბერგი ძალიან დიდია და მისი ფართობი დაახლოებით 1270 კვადრატული მეტრია.
„მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიკის შელფური მყინვარებიდან დიდი ნაჭრების მოწყვეტა სრულიად ნორმალური მოვლენაა, ასეთი დიდი აისბერგების მოწყვეტა მაინც საკმაოდ იშვიათია“, — უთხრა BBC-ს სუენსის უნივერსიტეტის პროფესორმა ადრიან ლაკმენმა, რომელიც მყინვარს თანამგზავრული ფოტოებით აკვირდება.
ბრანტის შელფურ მყინვარზე განთავსებულია კვლევითი სადგური BAS Halley VI, სადაც მეცნიერები ატმოსფერულ და კოსმოსურ ამინდს აკვირდებიან. აისბერგის მოწყვეტას სადგური არ დაუზიანებია.
2016 წელს, სადგური 32 კილომეტრით სიღრმეში გადაიტანეს, რათა ორი სხვა ნაპრალისგან მომდინარე საფრთხისგან დაეცვათ; მკვლევართა განცხადებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ეს ნაპრალები აღარ გაფართოებულა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.