პარლამენტს წარედგინა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით, M1 კატეგორიის ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვა იქნება საჭირო.
საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.
ცვლილებებით, იგეგმება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება.
ამასთან, ნებართვის გარეშე პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1 ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს.
საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.