კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში ტრენერი, კოტე იანტბელიძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს.
დავითობასთან რა შუაშია, ახლავე გეტყვით.
წარმოიდგინეთ, ლომი მოკვდა და მის მტრებს არ უნდათ, რომ ლომის ბოკვერი მამამისივით ძლიერი გაიზარდოს. მიდიან მის ბოკვერთან, გაეცნობიან ბოკვერს, როგორც მამამისის მეგობრები და ეტყვიან:
„მამაშენი უძლიერესი იყო! ყველას დამარცხება შეეძლო და ამ ტყეში ბადალი არ ჰყავდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ გამოსდიოდა, რომ ფრენა შეეძლო! აი, ამიტომ იყო შეუდარებელი!“
რა ბედი ეწევა ბოკვერს? ბოკვერი გაიზრდება ისე, რომ თავის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ შეაფასებს და ყოველთვის ბედს დაწყევლის, რომ მას არ მიეცა ფრენის ნიჭი.
–
თაობები ზუსტად ასე ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას.
საბჭოთა დროინდელი ინერცია იდეალურადაა დაპროგრამებული გზის ასაბნევად, თითქოს მძიმე ხმალი წყვეტდა ყველაფერს ან ის, რომ სიმაღლეში 2 მეტრი იყო გორგასალი და თურმე დიდი კუნთები ჰქონდა დავით აღმაშენებელს…
როგორც წესი, არ ისწავლება სიმართლე, რომ ბევრი ჩვენი წარმატებული მეფე წარმატებული იყო იმის წყალობით, რომ ჰქონდა დიპლომატიური უნარები. რაც მთავარია, ისინი აზროვნებდნენ! რა კუნთები და რა 16 ფუთიანი ხმალი?! აზროვნებდნენ გლობალურად, მთელი მსოფლიოდან იღებდნენ ინფორმაციას, ჩვენს შანსებს აფასებდნენ, ელოდნენ მომენტს, შეეძლოთ ანალიზი, ჰქონდათ შესანიშნავი გათვლები და გონება. ხან შეცდომებს უშვებდნენ, ხან უშეცდომოდ იქცეოდნენ და ა.შ.
–
,,კრეატივის სკოლის” ერთმა მოსწავლემ თქვა ძალიან მაგარი იდეა: რა მოხდება, რომ ისტორიული რთული სიტუაციების შეცდომების ბაზა გაკეთდეს, რომ ვიცოდეთ, როდის რა პრობლემა გვქონია და რა შეგვშლიაო, რას უნდა ველოდოთ მტრებისგან და არ უნდა გავიმეოროთ ხოლმეო.
–
წარმატებისთვის ფრენა არაა საჭირო, წარმატებისთვის ისიც საკმარისია, რაც ბუნებამ მოგვცა: ფიქრის, აზროვნების და შრომის უნარი.
–
დავითობას კი გილოცავთ, მაგრამ ეს რა საკმარისია თუ რაც საჭიროა, ის არ გვეცოდინება მასზე? სხვანაირად რა აზრი აქვს? კიდევ კარგი აღმაშენებელი ბევრ ჩვენგანს არ ჰგავდა, თორემ მთელ ცხოვრებას ფარნავაზის, გორგასლის და სხვა წინაპართა საქმეებით ტრაბახში გაატარებდა 🙂
სწორედ ასე გვასუსტებს და ამას გვაჩვევს ის „ისტორია“, რასაც თაობებია ვსწავლობთ. არ ისწავლება მთავარი – ისტორიული წარმატება როგორ მიიღწევა. რა, გამოცდილება გვაკლია თუ მაგალითები?
P.S. მოკლედ, 16 ფუთიან ხმლებზე ტყუილებს უნდა შევეშვათ. ერეკლე მეფის ხმალი სინამდვილეში 914 გრამი იყო ❤ ხერხი სჯობია ღონესა“, – წერს ის.