საბერძნეთის ლამაზი კუნძულიდან შინ დაბრუნება და სოფელში მეურნეობის გაძღოლა
“ჩემი ცხოვრება ძალზე ცარიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საოცრად ლამაზ კუნძულზე, რომელსაც სანდორინი ჰქვია. იშვიათია ასეთი სილამაზისა და ისტორიის კუნძული… მონატრებამ მოსვენება დამაკარგვინა და როცა საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, არა მგონია, იმ მომენტში ვინმე ჩემზე ბედნიერი თუ იქნებოდა”, – ამბობს ნათია ჩიბუხაშვილი, რომელიც თავის რთულ, მაგრამ საინტერესო და შთამბეჭდავ ცხოვრებაზე გვიამბობს…
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:
“ოჯახის შექმნამ მთელი ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა… მესამე კურსის სტუდენტი გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, ბედნიერი ვიქნებოდი… თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მალე დავორსულდი კიდეც. მეოთხე კურსზე ვიყავი, პირველი შვილი – თამთა რომ შემეძინა. ჩვენს სადაქალოში პირველს მე მეყოლა ბავშვი და ყველას ძალიან უყვარდა. პრაქტიკებზე რომ დავდიოდი, პატარას ჩემი მეგობრების დედები იტოვებდნენ: ხან მზია დეიდას ჰყავდა, ხან – ნანი დეიდას. დღემდე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ როგორმე, სწავლა დამესრულებინა…”
“რამდენიმე წლის მერე მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში პრობლემები შეგვექმნა. აზრთა სხვადასხვაობამ, საერთო ინტერესების არქონამ ურთიერთობის კრიზისულ მომენტამდე მიგვიყვანა და ამ ყველაფრის დასრულება გადავწყვიტე…”