“ეს შეიძლება იყოს უკრაინის გეგმა, მაგრამ, ასევე შესაძლებელია იყოს მესამე ძალის გეგმაც, რომელსაც უნდა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია და დაპირისპირება რუსეთ-საქართველოსი ამ გეოპოლიტიკური ჯახის კონტექსტში. მე ამასაც არ გამოვრციცხავ”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ სუს–ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არც ის სურს, რომ მხოლოდ უკრაინელებისკენ გაიშვირო ხელი.
„ამის მაგალითია იგივე ისრაელიც, სადაც მესამე ძალა იყო ჩართული იმისთვის, რომ ორი მხარე ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. ეს მესამე ძალა შეიძლება იყოს რუსეთი“ – განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა, თუ გაიყინება ერთ ადგილზე? – მამუკა არეშიძე პასუხობს:
„ძალიან ბევრი ადამიანის გვარია გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, ალბათ, გამოძიება ბოლომდე მივა და რომც არ მივიდეს ბოლომდე, ამ ამბავს ცოტა ხანში ნათელი მოეფინება და გაცხადდება, ვისი დავალებით მოქმედებდა ეს კონკრეტული ადამიანი და ჩვენც ვერსიების შექმნის საშუალება მოგვეცემა“, – განაცხადა არეშიძემ რადიო “სივრცის” ეთერში.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. სუს-ის ცნობით, არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.