შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. როგორც უწყების მიერ გარცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ. 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.