უკვე დიდი ხანია, ასტრონომები უკიდეგანო სამყაროს აქტიურად იკვლევენ იმის იმედით, რომ არამიწიერი ცივილიზაციები აღმოაჩინონ. თუმცა, იმისათვის, რათა პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს, იქ აუცილებლად უნდა იყოს თხევადი წყალი. ასეთი სცენარის ალბათობის გამოთვლა შეუძლებელი ჩანდა, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ დედამიწის მსგავს პლანეტებზე წყალი შემთხვევით ხვდება, როდესაც პლანეტას მოზრდილი, ყინულის ასტეროიდი ეცემა.
ახლახან, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ინსტიტუტ GLOBE-ს მკვლევრებმა საკმაოდ თვალისმომჭრელი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც მიუთითებს, რომ წყალი შეიძლება პლანეტაზე მისი წარმოქმნის პროცესის დაწყებიდან მალევე იყოს წარმოდგენილი. ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების მიხედვით, ეს ასე იყო დედამიწის, ვენერასა და მარსის შემთხვევაშიც.
„ყველა ჩვენი მონაცემი მიუთითებს, რომ წყალი დედამიწის სამშენებლო ბლოკებს შორის იყო, ზუსტად დასაწყისიდანვე. იმის გამო, რომ წყლის მოლეკულა ხშირად წარმოიქმნება, არსებობს გონივრული ალბათობა, რომ ასეთი სცენარი ირმის ნახტომის ყველა პლანეტას მოერგოს. პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობისათვის გადამწყვეტი წერტილია პლანეტის დაშორება დედავარსკვლავიდან“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციის ცენტრის პროფესორი ანდერს იოჰანსენი.
კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ანდერს იოჰანსენმა და მისმა ჯგუფმა გამოთვალა, რა დრო სჭირდება პლანეტის წარმოქმნას და რომელი სამშენებლო ბლოკებისგან იბადებიან ისინი. კვლევა მიუთითებს, რომ 4,5 მილიარდი წლის წინ, ერთმანეთს შეეწება მილიმეტრის ზომის ყინულისა და ნახშირბადის მტვერივით ნაწილაკები, რომლებიც უხვად არის ირმის ნახტომის ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო და სწორედ ასე დაიწყო დედამიწის ისტორია.
„იმ წერტილის შემდეგ, როდესაც დედამიწამ ამჟამინდელი მასის ერთი პროცენტი შეიძინა, ჩვენმა პლანეტამ ზრდა წყლითა და ყინულით სავსე კენჭების ჩაჭერითა და მიერთებით განაგრძო. ამის შემდეგ, დედამიწამ სულ უფრო სწრაფი ზრდა დაიწყო და საბოლოოდ, ხუთი მილიონი წლის შემდეგ, გახდა იმხელა, რამხელაც დღესაა“, — ამბობს ანდერს იოჰანსენი, რომელმაც ეს თეორია ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფთან ერთად ათი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ მისი დადასტურება მხოლოდ ახლა მოხერხდა.
მისივე თქმით, გზადაგზა ზედაპირზე ტემპერატურა მკვეთრად მაღლა იწევდა, რის გამოც, კენჭებში არსებული ყინული ორთქლდებოდა და შემდეგ ზედაპირზე ეშვებოდა; ამ პროცესთა შედეგად, წყალი დღეს დედამიწის მასის მხოლოდ 0,1 პროცენტს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის ზედაპირის 70 პროცენტს ფარავს.
მათ თეორიას „კენჭების მიერთება“ ეწოდება და გვთავაზობს, რომ პლანეტები თავიდან წარმოიქმნება კენჭების შეჯგუფება-შეწებების შედეგად, შემდეგ კი ეს პლანეტები სულ უფრო და უფრო იზრდებიან.
კითხვის გაგრძელება