„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ადა მარშანიამ 2021 წლის 19 თებერვალს პარტია დატოვა.
ქართული პოლიტიკის დანაღმულ ველზე გზის გაკვლევა, როგორც თავად ამბობს, არ უჭირს. თუმცა, დროდადრო, ამ ნაღმებს გვერდს ხმაურიანი ისტორიების გარეშე, მაინც ვერ უვლის, პოლიტიკოსმა შეძლო ხმაურიანი განცხადებებით თავის დამახსოვრება.
ამ სტატიში გიამბობთ, როგორია ადა მარშანიას გზა პოლიტიკაში და მისი ცხოვრება კადრს მიღმა.
გზა პოლიტიკაში
„ჩემი გზა პოლიტიკაში ტრაგიკულ ნიადაგზე გადის. ფორმალურად რეკორდსმენი, ოთხგზის დეპუტატი ვარ, ფაქტობრივად – არა. პირველად ამირჩიეს აფხაზეთში, 1992 წლის შემოდგომაზე, მეორედ – 2012 წელს, პატრიოტთა ალიანსთან ერთად. შუალედში, წარმოვადგენდი აფხაზეთის დეპუტაციას, რადგან ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთში და ეს იყო ჩემი უფლებამოსილების გაგრძელება. თუმცა, კანონის მიხედვით აბსოლუტურად სრულფასოვანი დეპუტატი ვიყავი“- ამბობს ადა მარშანია ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს არ ქონია მიზანი, რომ დეპუტატი გამხდარიყო. პოლტიკოსი ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც პირველად გახდა დეპუტატი.
„ვერ ვიტყვი, ოდესმე მიზნად მქონია დასახული, დეპუტატი გავმხდარიყავი, ასე არასდროს ყოფილა. თუმცა, ცხადია, როდესაც სტატუსი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ გაქვს ეფექტური ბერკეტი. თუმცა, მე პასიური არც მაშინ ვყოფილვარ, როცა საპარლამენტო ტრიბუნა არ მქონდა. როდესაც პირველად გავხდი დეპუტატი, არაინტენსიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, სოხუმი ჯერ კიდევ ჩვენი იყო – მაშინ ვმუშაობდი სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში. აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, უპირველესად, იმის გამო, რომ აფხაზეთში უკვე დაძაბული პროცესები მიმდინარეობდა. ვხედავდი, რომ თბილისში არასწორი განცხადებები კეთდებოდა, რაც თავისთავად, ძაბავდა სიტუაციას. ვინ, თუ არა მე, ვხედავდი, რა ხდებოდა აფხაზეთში. მამა ხომ მთელი ცხოვრება ხმალამოღებული იცავდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებებს და მეც ამ პროცესებში ვიყავი გაზრდილი. დედით ქართველი და მამით აფხაზი ორ ცეცხლს შუა მოვყევი. მამაც, მეც, ასე დავრბოდით და ვაქრობდით ამ ცეცხლს. მაშინ წრფელი გულით ვცდილობდი, ეს პროცესები გამექარწყლებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, კონფლიქტი გაღრმავდა. სწორედ ამ პროცესების გამო აღმოვჩნდი მაშინ პოლიტიკაში“- იხსენებს ადა მარშანია.
ქართულ პოლიტიკაში ნაკლები სიმართლეა, მაგრამ მე მაინც ვახერხებ, ვიყო მართალი. ჩვენი პოლიტიკური ველი გადავსებულია ნაღმებით, თან, რომ იცოდეთ, რამდენია, სულ არაა საჭირო ეს ნაღმები პოლიტიკური შინაარსის იყოს, ხან ისეთ რამეს გაიგებ საკუთარ თავზე თუ სხვაზე, გაოცდები.
„იყო დრო, ჩემი ხელფასი პარლამენტში 5 დოლარი გახლდათ. პარლამენტის დაცვა ჩვენზე მაღალ ხელფასს იღებდა. ერთხელ თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნა. მაშინ პარლამენტი იმელის შენობაში იყო, თურქ მძღოლს ჩვენი დაცვის თანამშრომელი გაუმასპინძლდა. გვიანი ღამე იყო, შემთხვევით პირველ სართულზე, ჩვენი კომენდანტისა და თურქი მძღოლის საუბარს შევესწარი. გამაცნო ჩვენმა თანამშრომელმა, გავესაუბრეთ ერთმანეთს და ეს კაცი ამბობს, ჩემი ხელფასი 200-300 დოლარიაო. ვაი, შენს ადას – ვუთხარი საკუთარ თავს. მაშინ მე, როგორც დეპუტატს, 5 დოლარი მქონდა ხელფასი“- იხსენებს ადა მარშანია.
2015 წლის არჩევნებზე ადა მარშანია არჩევნებზე ხატით მივიდა
ადა მარშანია საარჩევნო უბანზე ხატით ხელში მივიდა. ადა მარშანია ამბობდა, რომ მან სასტუმროდან საარჩევნო უბნამდე გზა ხატით ხელში საარჩევნო შტაბის წევრების თხოვნით გაიარა.
მარტვილში ხმის მისაცემად მეზობელი რაიონებიდან ხალხი ჩამოჰყავთ. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის” შტაბის ინფორმაციით, მოქალაქეები ჩხოროწყუდან ჩამოიყვანეს. ადა მარშანიას შეფასებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. მისივე ინფორმაციით, ხალხს ხმის მისაცემად თანხებსაც კი სთავაზობენ.
ცხოვრება კადრს მიღმა
„ვერ ვიტყვი, რომ კადრს მიღმა საინტერესო ცხოვრება მაქვს. კადრს მიღმაც არის სამუშაო, საქმე. აფხაზეთისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება ჩემი სამსახური ხომ არაა, ეს არის ჩემი ცხოვრება. პარლამენტშიც რომ არ ვიყო, მაინც ამას გავაკეთებდი. თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ჰობი მაქვს, ან ხელმარჯვე ვარ. თუმცა, სახლს ყოველთვის მე ვალაგებ.
ღამის ორ საათზეც კი, შეიძლება, იატაკები ვწმინდო. სადილებსაც ვაკეთებ, თუ დრო მაქვს, უკვე დიდი გოგო ვარ. სამზარეულოს საქმეში არავის ვენდობი, ჩემი ქმრის გარდა. ის ჩემზე მარჯვეა სამზარეულოში. ამ მხრივ მის ბანაკში ვერ ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, ცხენები. ცხენები სულ ჰყავდა ჩემს ბებია-ბაბუას აფხაზეთში. კარგად ვცურავ. როდის დავიწყე ცურვა, არც კი მახსოვს. სოხუმში ჩემი სახლი ზღვის პირას იყო და ეს ბუნებრივია. მიყვარს კითხვა. ბორხესს ჰკითხეს, სამოთხე როგორ წარმოგიდგენიაო, მან უპასუხა, ჩემი წარმოდგენით სამოთხე ჰგავს ბიბლიოთეკასო და მეც ასე ვფიქრობ. ოღონდ ეს ბიბლიოთეკა სოხუმში უნდა იყოს.
როდესაც მე და ჩემი ძმა წამოვიზარდეთ და ერთმანეთის „ცემა” და ჩხუბი დავიწყეთ, მშობლებმა გაგვაცალკევეს და მე მიმიჩინეს ადგილი – ბიბლიოთეკაში, სადაც იყო უთვალავი წიგნი. ოთხ კედელს რომ უყურებ, რომელიც წიგნებით არის სავსე, გინდა არ გინდა, კითხვას იწყებ. ასე დავიწყე მეც. ამას ისიც ემატებოდა, რომ სოხუმში ჩვენი სტუმრები იყვნენ ხოლმე ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე; როცა ასეთ გარემოში იზრდები, ეს უკვალოდ არ ქრება.“- ამბობს ადა მარშანია.
ჭორები
„ხომ გითხარით, პოლიტიკურ ველზე ბევრი ხელოვნური ნაღმია-მეთქი. ტყუილებითა და ჭორებით სავსე. ხომ გაგვივრცელეს ხმა, რომ თითქოს მე და ემზარ კვიციანი მოსკოვში ჯვარს ვიწერდით. ნაღმზე მაშინ ფეთქდები, როცა ამ ხმას სინამდვილესთან აქვს კავშირი. ფიქრობთ, რომ მე დავადგი ფეხი ამ ნაღმს და „ავფეთქდი”? რა თქმა უნდა, არა! ასეთი ცილისწამება ხომ გაუგონარი სიბინძურეა. ემზარს ჩემი ძალიან სჯერა და დიდ პატივს მცემს, დამყვა და გამოვიდა. მე მასთან ისეთ ურთიერთობებში ვარ, შემეძლო, კომენტარის უფლება არ მიმეცა. ემზარი გაიზარდა აფხაზებთან, მათ წრეში, კარგად იცნობს აფხაზების წეს-ჩვეულებებს. ჩვენ ურთიერთობის სხვა კოდექსი გვაქვს, შესაბამისად, კარგად გვესმის ერთმანეთის. გვერდიდან, ალბათ, არ იყო კარგი სანახავი, როგორ გამოვარიდე ემზარი ჟურნალისტებს, მაგრამ მას რომ ინტერვიუ მიეცა, უფრო გაფუჭდებოდა საქმე. ჩვენ მერე ვისაუბრეთ ამ თემაზე და ემზარი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მამაკაცია და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. აი, ამ ფაქტს მიაბეს-მოაბეს და „ჯვარი დაგვაწერინეს” მოსკოვში. ჩვენ ხომ აგენტები ვართ და მეტი დამაჯერებლობისთვის, თუ ჯვარს ვიწერდით, მაინცდამიანც იქ უნდა დაგვეწერა. ამ ჭორების ავტორებს ავიწყდებათ, ჩემი სტატუსი – იმდენი წელია, გათხოვილი ვარ, არც კი მახსოვს. ქმარი მყავს და ასეთი ჭორების გავრცელება არ შეიძლება“- ამბობს ადა მარშანია.
მეუღლე
ადა მარშნიას მეუღლე არ აჩენს, მისი მეუღლის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია, რაზეც პოლიტიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ
„რატომ არის ჩემი ქმარი ხშირად გამოსაჩენი?! ის არ არის საკმარისი, რასაც ჩემზე თხზავენ, რომ ახლა მასზე არ ილაპარაკონ? თვითონ ისედაც გაბრაზებულია ამ ხმების გამო ჟურნალისტებზე და არ მინდა, დარტყმისა და თავდასხმის ქვეშ რომ იყოს. ევგენი ძალიან განიცდის ჩემს ამბებს. მადლობა ღმერთს, მას მაინც არ აქვს კავშირი პოლიტიკასთან. როცა მე და მამაჩემი ერთმანეთს ვხვდებოდით, ჩვენი საუბრის 89 პროცენტი ეხებოდა აფხაზეთს და არა მამაშვილურ მოკითხვას. ჩემი მეუღლე ტრანსპორტის ინჟინერია. თავისი პროფესიით არ მუშაობს. მე არ მიცდია მისთვის სამსახური მეშოვა. თვითონ იზრუნა თავის საქმეზე. რაჭაში გვაქვს სახლი, ნაკვეთი და იქ ბევრი საქმეა. მეც ძალიან მიყვარს რაჭა. 14 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად წამიყვანა რაჭაში. აფხაზეთის მთები გვქონდა მოვლილი, მაგრამ მამას შოვის ნახვა უნდოდა. ჩავედით რაჭაში და ისე მოვიხიბლეთ, იქ „დარჩა” ჩემი გული. მას მერე ყოველ წელს სოხუმიდან რაჭაში დავდიოდით.“
ქონება
ადა მარშანიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა, მშობლები და ძმა. იმხანად ოჯახის საკუთრება იყო 50 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში და 25 000 ლარამდე ღირებული ნივთები. თუმცა დეკლარაციის შევსების მომეტში, ანუ 1998 წელს დეპუტატს ნაღდ ფულად 2 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
ადა მარშანიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, შეავსო, როგორც პარლამენტარმა და ოჯახის წევრად მიუთითა 1969 წელს დაბადებული მეუღლე ევგენი ქოჩლაძე.
ადა მარშანიას საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე (22 კვ. მ.), ამას გარდა, საცხოვრებელი სახლი (200 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (600 კვ. მ.) სოხუმში, ტემირიაზოვის ქუჩაზე. ასევე, მიწის ნაკვეთი (5 000 კვ. მ.) გულრიფშის რაიონის, სოფელ ქვემო ფშაფში და მიწის ნაკვეთი (1 000 კვ. მ.) გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში.
დეკლარაციის შევსების მომენტში ადა მარშანიას ნაღდ ფულად ჰქონდა 7 018 ლარი, როგორც თავად მიუთითებს – „საბანკო კრედიტი და ხელფასი“.
2017 წელს მან „თი ბი სი ბანკიდან“ იპოთეკური სესხი აიღო – 83 000 ლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც 3 720 ლარი დაუჯდა. რატომღაც, დეკლარაციაში დეპუტატს არ მიუთითებია 2016 წელს მიღებული შემოსავლები, თუმცა 2015 წლის განმავლობაში, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 33 060 ლარი მიიღო. 2014 წელს – 26 743 ლარი, 2013 წელს – 27 675 ლარი, 2012 წელს – 26 843 ლარი, 2011 წელს – 27 720 ლარი, 2010 წელს – 26 730 ლარი, 2009-ში – 22 242 ლარი, 2008-ში კი, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭის დეპუტატმა – 28 403 ლარი.
წყარო: “დაიჯესტი”