სამართალდამცავებმა დააკავეს ქალი, რომელსაც უმძიმესი ბრალდება აქვს წარდგენილი.
“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა ეხმარებოდა. ქალს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ დანაშაულის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. მეზობლები ჰყვებიან, რომ სახლიდან ხშირად ესმოდათ ქალის ყვირილისა და ბავშვების ტირილის ხმა. სწორედ ერთ-ერთი მეზობლის მიერ პოლიციაში განხორციელებული ანონიმური შეტყობინება გახდა მძიმე დანაშაულის გახსნის წინაპირობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებით.
მამინაცვალი უკვე 19 წლიან პატიმრობას იხდის. მის მიმართ საბოლოო განაჩენი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა თუმცა, “კურიერის” ინფორმაციით, პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით.
გამოძიების ინფორმაციით, 11 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობისთვის მამინაცვალი გასულ წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რის საფუძველზეც დღეს შვილზე ძალადობის ხელშეწყობისთვის მოზარდის დედასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრალდებული ქალის ინტერესების დამცველი საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა “კურიერს” უდასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში დახმარების მუხლით წარედგინა. ადვოკატი ამბობს, რომ უმძიმეს დანაშაულში მხილებული დედა დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებული ქალის საქმის არსებით განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყებს. არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამინაცვალს კი მოსამართლემ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე შეუფარდა.
