13 აგვისტოს დაიბადა და ამბობდნენ, რომ უიღბლობა დაჰყვა. სიყვარულშიც უიღბლო იყო, რეალურ ცხოვრებაში კი “მონანიების” ქეთი ბარათელს ჰგავდა – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავებული, გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.
ადრე დატოვა სააქაო, 50 წლისაც არ იყო, სამაგიეროდ, სევდიანად დაუვიწყარია მისი პერსონა, რომელმაც გაიელვა და წავიდა.
ზეინაბ ბოცვაძე: ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.
ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ჩვენი ცოლქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე.
ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა და ამ ერთ აბზაცში მთელი ცხოვრება ჩატია.