15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. ბოლო 24 საათში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის სურვილი საქართველოს 35 121-მა მოქალაქემ გამოთქვა.
დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების ხელმშემწყობი სააგენტოს ცნობით, დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. ეს ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).
ასევე, სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. სამუშაო შეთავაზების მიღებამდე, სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება – მგზავრობის ხარჯებს დამსაქმებელი დაფარავს თუ თავად.
გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ვებ-გვერდზე: workabroad.moh.gov.ge. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტო რეგისტრაციის დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს:
- რეგისტრაციის დასაწყებად, საჭიროა დააჭიროთ ღილაკს “რეგისტრაცია”;
- გაეცნით და დაეთანხმეთ პირობას პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ;
- თანხმობის შემდეგ, შესაბამის გრაფებში შეიყვანთ თქვენს პირად ნომერს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ გვარს და მამის სახელს. მითითებისამებრ შეავსებთ მისამართების ველებს და შეიყვანთ თქვენი მობილურის ნომერს. (გაითვალისწინეთ, რომ ერთი მობილურის ნომრით, შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია;
- დააჭირეთ ღილაკს “Sms გაგზავნა“. მითითებულ ნომერზე, შეტყობინების (SMS) სახით მიიღებთ ერთჯერად ექვსნიშნა კოდს, რომელსაც შეიყვანთ მოცემულ გრაფაში;
- დააწვებით ღილაკს “რეგისტრაცია”
- რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ უნდა აირჩიოთ გრაფა “დროებითი ლეგალური დასაქმება გერმანიაში“.
- გაეცანით მოცემულ ინფორმაციას და დაეთანხმეთ პირობებს
- იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, საჭიროა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭიროთ ღილაკს “რეგისტრაციის დასრულება”.
- რეგგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება: “თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია, განაცხადი N…. შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, დაგიკავშირებით თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ infosesa@moh.gov.ge გისურვებთ წარმატებებს!“.