1975 წლის 10 მაისს მოსკოვის ლენინის რაიონის პროკურორს დაზღვეული წერილი მიუტანეს. მან კონვერტი დაუდევრად გახსნა, ფურცელი ამოიღო და ლამაზი კალიგრაფიით ნაწერი ტექსტის კითხვას შეუდგა, რომელშიც ეწერა: „ფრანგები იტყვიან: „ეძიეთ ქალიო“. თქვენც იგივეს გეტყვით, ეძიეთ ქალი და გისურვებთ, რომ ეს იყოს პირველი და უკანასკნელი მსხვერპლი, თუმცა, მეეჭვება, რომ თქვენ ჩემი გაფრთხილება ყურად იღოთ, რადგან, როგორც ღორი ვერ გადაეჩვევა ლაფში წოლას, ისე თქვენ ვერ მოიშლით ცოდვის მფარველობას.
გაფრთხილებთ, აღკვეთოთ ჩვენს საყვარელ დედაქალაქში მრუშობა, რაც თქვენც მშვენივრად ხელგეწიფებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჩინარებული ქალების ძებნა საშინელ კოშმარად გადაგექცევათ. ქალაქში შიში დაისადგურებს და თვითგანწმენდის პროცესი დაიწყება. თუმცა, უკვე ზღვა სისხლი იქნება დაღვრილი, რაც, ჩემი აზრით, გარდაუვალია. პირველი მსხვერპლი კი, რომლის ადგილსამყოფელსაც ნებაყოფლობით მიგითითებთ, იაუზასთან რომ ტირიფებია, იქაა დამარხული. მიდით, ნახეთ, შეაფასეთ და დაიმახსოვრეთ, რომ თუკი ერთ თვეში მოსკოვში მორალურ მდგომარეობას არ გამოასწორებთ, უარესს დავატრიალებ… ღმერთის რისხვა“.
კითხვა რომ დაასრულა, პროკურორი ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა: „სიგიჟეა. თუმცა, გადასამოწმებელია“. შემდეგ გამოცდილ გამომძიებელს, კაკო ჩიტაძეს დაუძახა და უთხრა:
– აკაკი შალვოვიჩ, აი, ამ ანონიმურ, უცნაურ წერილს გაეცანი და შენი აზრი მითხარი.
ჩიტაძემ გულდასმით წაიკითხა წერილი-გაფრთხილება და ლენინის რაიონის პროკურორს მოახსენა:
– პაველ მარკოვიჩ, უპირველესად, იაუზას ტირიფების ადგილია გადასამოწმებელი და პირველ დასკვნებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.
– ძალიან კარგი. წადი, ჯგუფი წაიყვანე და ყველაფერი ადგილზევე ნახეთ. ეს წერილი კი, ლაბორატორიაში წაიღე შესამოწმებლად.
ჩიტაძემ წერილი ცელოფნის პარკში ჩადო და სანამ პროკურორის კაბინეტს დატოვებდა, უთხრა:
– ქალის დაწერილია. ასე ლამაზად ქალები წერენ და ამ გზავნილს ფრანგული სუნამოს, „შანელ ¹5-ის“ სურნელი ასდის. რაც, ჩემი აზრით, წერილის დამწერს ესხა.
– შენ ფიქრობ, რომ ასეთი უცნაური გაფრთხილება ქალმა გამოგვიგზავნა?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, წერილი მსხვერპლმა დაწერა და ის ქალია.
– კეთილი. წადი და ყველაფერი კარგად გადაამოწმე. ლაბორატორიამ კი, დასკვნის დაწერა დააჩქაროს, – უთხრა პროკურორმა ჩიტაძეს და გაისტუმრა.
ექსპერტიზის დასკვნა
პროკურორის კაბინეტიდან გამოსული კაკო ჩიტაძე პროკურატურის საგანგებო ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ერთი საათის მერე უკვე მდინარე იაუზასთან, ტირიფების ხეივანში იმყოფებოდა და მოკვლევას აწარმოებდა.
– ნიჩაბი, რაღაც მაგარს მოხვდა! – დაიძახა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა, რომელიც გამოცდილი არქეოლოგივით სათუთად თხრიდა მიწას და ათიოდე წუთის მერე საგანგებო ჯგუფის წევრებმა მიწიდან უზარმაზარი ყუთი ამოიღეს. ყუთი დალურსმნული იყო და ზედ ეწერა: „განწმენდის კიდობანი“.
ყუთი იქვე გახსნეს და მასში შიშველი ქალის დანაწევრებული სხეულის ნაწილები აღმოჩნდა. იქვე იდო ტყავის შავი ბლოკნოტი, რომელშიც ეწერა: „
მე ლუბა სვეტლოვა ვარ, ბოზი. ჩემი დანაწევრებული სხეული იმის დასტურია, რომ მოსკოვში დიდი ცოდვა ტრიალებს და ეს მრუშობის ქალაქი თუ დროზე არ განიწმინდა, მეორედ მოსვლისას დიდი რისხვა დაგვატყდება თავს. დე, მე ვიყო პირველი და უკანასკნელი იმ სამსხვერპლოზე, რასაც განსაწმენდელი ჰქვია და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ჩემი სული ზეცაში გაიხარებს“.
– სიგიჟე დაიწყო, – უთხრა კაკო ჩიტაძემ რაიონის პროკურორს, რომელიც საგანგებო ოპერჯგუფს უკან მიჰყვა შემთხვევის ადგილზე და მოკვლევის პროცესს დაესწრო.
– გეთანხმები, – თავი დააქნია კოპებშეკრულმა პროკურორმა, – ისეთი გრძნობა მაქვს, მრავალი საშინელება დატრიალდება.
– მეც ასე ვფიქრობ და ეს ყველაფერი ერთი თვის მერე უნდა დაიწყოს. გაიხსენეთ პირველი წერილი, რომელშიც გვაფრთხილებენ, თუ ერთ თვეში არ აღკვეთთ მოსკოვში მრუშობას, მაშინ ზღვა სისხლი დაიღვრებაო.
– თუ სწორად ვხვდები, წერილის ავტორი „პუტანების“ ქუჩებიდან მოშორებას გვთხოვს. მეგრამ ეს შეუძლებელია. ამ საქმეს „კაგებე“ კურირებს და როგორც ეკონომიკური, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებია მასში ჩადებული.
– ვიცი და ვერაფერს ვუშველით ამ საქმეს. ამიტომ, ზღვა სისხლი დაიღვრება.
– აკაკი შალვოვიჩ, მეძავების დისლოკაციის ადგილებში უნდა გავაჩაღოთ ოპერატიული მუშაობა და მანიაკს აუცილებლად შევიპყრობთ.
– ლოგიკურად მასეა, მაგრამ, მკვლელი საკმაოდ ეშმაკი ჩანს. გათვალისწინებული ექნება, რომ მას„პუტანებთან“ დავუწყებთ ძებნას და ასე ადვილად არ ჩაგვივარდება ხელში.
– ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, – დაასკვნა პროკურორმა და ჩიტაძეს დაავალა, ექსპერტიზის პასუხის დასაჩქარებლად ყველაფერი ეღონა.
ყველა ექსპერტიზის დასკვნა ორ კვირაში უკვე მზად იყო და დადგინდა, რომ იაუზის ნაპირზე დამარხული ქალის ცხედარი მართლაც ლუბა სვეტლოვას ეკუთვნოდა, რომელიც 28 წლის იყო და სასტუმრო „კონტინენტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა. ჩიტაძე არ შემცდარა, და გაირკვა, რომ დაზღვეული წერილის ტექსტიც და შავ ბლოკნოტში ჩაწერილიც მისი შესრულებული იყო. ფრანგული სუნამო „შანელ ¹5“ მას ეპკურა და როგორც კრიმინალისტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ თავიანთ დასკვნებში, სვეტლოვას გვამის დანაწევრება უმაღლეს პროფესიულ დონეზე იყო შესრულებული.
– ეს მნიშვნელოვანი დეტალია, – უთხრა პროკურორმა ჩიტაძეს, – ძებნილთა კატეგორია იზღუდება და ისეთი მკვლელი უნდა ვეძებოთ, ვისაც სპეციალური სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ჩვეულებრივი მკვლელი ვერ მოახერხებდა გვამის ასე დანაწევრებას. მიდი, აკაკი შალვოვიჩ, შენი დიდი იმედი მაქვს და საქმეს გაუძეხი!
სერიული მკვლელობები
1975 წლის 11 ივნისს, ანუ მოსკოვის ლენინის რაიონის პროკურორის გაფრთხილებიდან ერთი თვის თავზე, მოსკოვში, მდინარე მოსკვას მარჯვენა სანაპიროზე 29 წლის ალისა ანდრეევას დაჩეხილი სხეული აღმოაჩინეს. ქალს 40 ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა და მისი სხეული საშინლად იყო დამახინჯებული. შემდგომი ერთი თვის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში კიდევ 5 ანალოგიური მკვლელობა განხორციელდა, რომელსაც ერთი ხელწერა ჰქონდა და ხალხი მანიაკზე ალაპარაკდა, რომელიც მოსკოველ მეძავებს დაერია… მართლაც, ყველა მოკლული მეძავი იყო და ისინი მოსკოვის სხვადასხვა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო და ოპერატიულმა მუშაკებმა საგანგებო ღონისძიებებს მიმართეს და მანიაკის აღმოსაჩენად დიდი ძალების მობილიზება მოახდინეს, მკვლელი მაინც უჩინარი იყო. ექვსივე მოკლული მეძავი ისე გაუჩინარდა, მათ კვალზე დაჯდომა ვერც ერთმა მილიციელმა ვერ შეძლო და ისინი მხოლოდ სასტიკად მოკლულები აღმოაჩინეს. ამიტომ, მოსკოვში პანიკა მწიფდებოდა. ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინოდა და თვით ლეონიდ ბრეჟნევის ყურამდეც კი მიაღწია ამ ამბავმა. ამიტომ, მან შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა:
– ჩვენ ხომ ამერიკა არ ვართ, რომ მანიაკები გვყავდეს. ამიტომ, სასწრაფოდ მოძებნეთ და გაანადგურეთ.
ზემოდან წამოსული ზეწოლა ქვევით უფრო გაძლიერდა და ჩიტაძეს პირდაპირ უთხრეს, თუ მანიაკს დროულად არ იპოვი, დიდი პრობლემები შეგექმნებაო. კაკო ჩიტაძეს არც მანამდე აკლდა მოტივაცია და გაფრთხილების მერე, უფრო მოემატა. თუმცა, საქმე კვლავ არ იძვროდა წინ. 1975 წლის 3 ივლისს, მოსკოვში მერვე სერიული მკვლელობა დაფიქსირდა. ძველი მოსკოვის ერთ-ერთი სამსართულიანი სახლის სხვენზე, 26 წლის იულია ბორისოვას დაჩეხილი ცხედარი აღმოაჩინეს. მის გვამსაც იგივე ხელწერა ეტყობოდა, რაც დანარჩენებს და ცხადი იყო, უცნობი მანიაკი თანამიმდევრულად ახორციელებდა თავის პირობას – მოსკოველ მეძავებს მუსრს ავლებდა. ამ შემთხვევის მერე ჩიტაძე უკვე უმაღლეს ხელმძღვანელობასთან დაიბარეს და უთხრეს, რომ თუკი 30 დღის ვადაში მანიაკს არ იპოვიდა, მას სამსახურიდან დაითხოვდნენ.
მკვლელობა ტყეში
მოსკოვში მომხდარი ბოლო მკვლელობიდან 2 კვირის მერე თბილისში, ეგრეთ წოდებული, ხუდადოვის ტყეში, 25 წლის ვიქტორია ლაზოს დასახიჩრებული ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული გოგონა მოსკოველი მეძავი იყო და თბილისში 15 ივლისს ჩამოვიდა. ლაზო სასტუმრო „საქართველოში“ ცხოვრობდა და როგორც სასტუმროს ჩანაწერების წიგნში იყო აღნიშნული, მისი თბილისში ჩამოსვლის მიზანი მამის მოძებნა გახლდათ, რომელსაც ის არ იცნობდა და აინტერესებდა, ვინ იყო.
ლაზოს მკვლელობას თბილისელი გამომძიებელი, მილიციის მაიორი სერგო ნიკურაძე იძიებდა. მაიორი ნიკურაძე გამორჩეული პროფესიონალი იყო და მიხვდა, რომ საქმე მანიაკთან ჰქონდა. მით უმეტეს, რომ მან იცოდა, მოსკოვში მომხდარი მკვლელობების შესახებ და გამომძიებელ კაკო ჩიტაძესაც კარგად იცნობდა. ნიკურაძეს და ჩიტაძეს ერთად ჰქონდათ დამთავრებული მოსკოვის უნივერსიტეტი. ამიტომ, ნიკურაძემ ჩიტაძეს დაურეკა, ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– აუცილებლად ჩამოდი. ბევრი საინტერესო დეტალია ამ საქმეში და ვფიქრობ, გამოძიებაში დაგეხმარება.
– პირველივე რეისით მოვფრინავ, – უთხრა ჩიტაძემ. ყურმილი დაკიდა და 5 საათის შემდეგ უკვე თბილისში იყო და თავისი ძველი მეგობრისა და ჯგუფელის, მაიორ ნიკურაძის სტუმარი გახლდათ.
მოსკოველ ქართველ გამომძიებელს თბილისში მომხდარი მკვლელობის გაცნობისას მოსკოველი მანიაკის ხელწერის ამოცნობა არ გასჭირვებია და ნიკურაძეს უთხრა:
– თავს დავდებ და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ხუდადოვის ტყეშიც მოსკოველი მანიაკი მოქმედებდა. ისინიც ზუსტად ასე არიან დაჩეხილები. ერთი შეხედვით, სპონტანური ნამუშევარია, მაგრამ დარტყმები საქმის მცოდნის მიყენებულია. მართალია, ნაჯახია ნახმარი, თუმცა დასანაწევრებელი ადგილები ზუსტადაა განსაზღვრული.
– მანიაკი ექიმი ან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი ხომ არაა?
– სავარაუდოდ, კი.
– ჰოდა, – ჩაეცინა ნიკურაძეს, – საინტერესო იცი რა არის?
– რა?
– ის, რომ ხუდადოვის ტყეში მოკლული ლაზოს მამა, რომლის გვარია პოროხი, პროფესიით ქირურგია და თბილისის ერთ-ერთი კლინიკის წამყვანი ექიმი.
– როგორ დაადგინე?
– როგორ და, როდესაც მე მოკლულის ჩანაწერს გავეცანი, სასტუმრო „საქართველოს“ ანკეტაში, სადაც ეწერა: „ჩამოვედი, რომ მამაჩემი მოვძებნოო“, მე თვითონ მოვძებნე ის.
– დაეკონტაქტე?
– რა თქმა უნდა, არა. ჩემები არალეგალურად უთვალთვალებენ, – გაუღიმა ნიკურაძემ ჩიტაძეს.
საშინელი ტანდემი
სერგო ნიკურაძე ალღოიანი მილიციელი იყო და ივარაუდა, რომ ქირურგი ვადიმ პოროხი შვილის მკვლელობაში იქნებოდა გარეული. ამიტომ, მასთან კონტაქტი არ დაამყარა და თავისი ხელქვეითების ერთ ნაწილს 24-საათიანი თვალთვალი დაავალა, მეორე ნაწილს კი – მისი და მისი დის, ადა პოროხის დოსიეს შესწავლა.
და-ძმა პოროხები ქირურგები იყვნენ, საკმაოდ წარმატებული ექიმები და ერთ კლინიკაში მუშაობდნენ.
მილიციელებმა მათი დოსიეს შესწავლისა და თვალთვალის დროს საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა, კაკო ჩიტაძემ ერთ ფაქტს მიაქცია ყურადღება. კერძოდ, როდესაც მოსკოვში სერიული მკვლელობები ხდებოდა, იქ ჯერ ვადიმ პოროხი იმყოფებოდა, შემდეგ კი – მისი და, ადა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ჯერჯერობით მხოლოდ დამთხვევა იყო და გამომძიებლებს და-ძმის დანაშაულში მონაწილეობის არანაირი საბუთი არ გააჩნდათ, ნიკურაძემ ჩიტაძეს უთხრა:
– ინტუიციით ვგრძნობ, რომ ისინი საშინელი ხალხია და რაღაცაშია საქმე.
– მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ შენ რას გულისხმობ კონკრეტულად?
– ჯერ არ ვიცი. თუმცა, ვფიქრობ, რომ მკვლელობებში არიან გარეულნი. ამიტომ, მათი პროვოცირება უნდა მოვაწყოთ და დავადგინოთ, რაშია საქმე, – თქვა ნიკურაძემ. შემდეგ კოლეგებთან ერთად დაწვრილებითი გეგმა შეიმუშავა და პროვოცირების ოპერაციაც დაიწყო…
თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერი – 27 წლის დიანა ლეჟავა შესაბამისად გამოაწყვეს, ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და ისე მოაწყვეს, რომ ექიმ ვადიმ პოროხს გაასინჯეს, თან გააგებინეს, რომ გოგონა მეძავი იყო და კლიენტმა სცემა. პოროხმა გოგონა საგულდაგულოდ შეამოწმა და უთხრა:
– საშიში არაფერია. ერთ კვირაში გაგივლით, მანამდე კი გირჩევთ, სახლში, მშვიდ გარემოში იყოთ, – შემდეგ ანკეტა შეუვსო, სადაც „მეძავის“ ბინის მისამართი იყო აღნიშნული და გაისტუმრა.
სამი დღის მერე „მეძავის“ ბინას და-ძმა პოროხები მიადგნენ, ზარი დარეკეს და მოტყუებით შევიდნენ შიგ. შემდეგ სახლის პატრონი გაკოჭეს და უთხრეს, რომ სულ მალე საშინელი სიკვდილით მოუღებდნენ ბოლოს, რადგან ქვეყანა მეძავებისგან უნდა გაეწმინდათ…
სწორედ ამ დროს გამოცვივდნენ ბინაში დამალული მილიციის ოპერმუშაკები და და-ძმა პოროხები შეიპყრეს. მათი ჩანთა გაჩხრიკეს, რომელშიც სამართებელივით ალესილი ნაჯახი აღმოჩნდა. ისინი, ნივთმტკიცებებთან ერთად, სამმართველოში გადაიყვანეს.
და-ძმამ სერიული მკვლელობები აღიარა და ეს იმით ახსნეს, რომ ისინი იყვნენ ღმერთის მახვილი და ათი მცნებიდან ერთ-ერთს – „არ იმრუშოს“ ცხოვრებაში განხორციელება ჰქონდათ უფლისგან დავალებული. პოროხები ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შერაცხადად ცნო და და-ძმა გაასამართლეს. ვადიმ პოროხს სიკვდილი მიუსაჯეს, ადა პოროხს კი – 15-წლიანი პატიმრობა. თუმცა, ორივე სერიული მკვლელი საკნებში ჩამოხრჩობილი იპოვეს და შიდა გამოკვლევამ თვითვითმკვლელობა დააფიქსირა.