სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულმა წმ. მატრონას ხატმა, რომელზეც საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინიცაა, გამოსახული, ქართულ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „აუცილებელია სტალინის ეპიზოდის შეცვლა“.
ამდენად, ხატი უნდა გადაიწეროს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს.
ამ საკითხზე AMBEBI.GE სამების ერთ-ერთ მღვლდეთმსახურს ესაუბრა.
“მე ვარ რიგითი, მორიგე მღვდელმსახური. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, აპირებენ თუ არა ხატის გატანას ან თუ ჩასწორება უნდათ, ეს უნდა გაკეთდეს ადგილზე, თუ ტაძრის სივრცის გარეთ. სამწუხაროდ, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი თქვენვე ნახეთ და არავის გადამოწმება არ სჭირდება, რომ ხატი ისევ იგივე მდგომარეობაშია და ჯერჯერობით არაფერი ცვლილება არ ჩანს. ალბათ, ნახეთ ძალიან ბევრი ყვავილი, რომელიც ხატთანაა. ამით მორწმუნეები მის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. გულდასაწყვეტია, რომ ადამიანები ტაძარში შემოდიან, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს ზედ არ უყურებენ და პირდაპირ ამ ხატთან მიდიან“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა.
მისი თქმით, წმ. მატრონა მოსკოველის იმ ხატის სამების ტაძარში განთავსებამ, რომელზეც სტალინია გამოსახული, ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მორწმუნეებში, ისე იერარქიაშიც.
“[ვნებათაღელვა გამოიწვია] იერარქიაშიც, რა არის დასამალი? ტაძარში გვყავს მღვდელმსახური და მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ამ კაცს იმდენად მწარედ ახსოვს ნათესაობაში არსებული [ეს ამბავი], რომ თქვა, ტირილი მინდოდაო, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინი თუნდაც პოზიტიურ ან ნეგატიურ გამოსახულებად არსებობსო. ეს მითხრა ტაძრის ჩვენმა მღვდელმსახურმა.
ვინც იდეებს შესწირა ახალგაზრდების და ადამიანების სისხლი, უძილო ღამეები, ვინც ეს ყველაფერი ვიცით, მის მიმართ პოზიტიურად განწყობილები ვერ ვიქნებით ნუ მოგვთხოვს ამას ნურც ეკლესია, ნურც ერი და ნურც ბერი. თუ მე მაიძულებენ, რომ მიყვარდეს სტალინი, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა? წავედით მაშინ ყველანი სახლებში, მე ჩემი პრინციპები მაქვს. მე ხომ არავის ვუშლი ვისაც უყვარს? დაგვანებონ თავი, ვისაც არ გვიყვარს“, – განაცხადა სასულიერო პირმა.
