მუსიკოსი და მედავითნე – გოჩა ჭაბუკაიძე “პრაიმტაიმთან” წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება.
“მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.
90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.
მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები… შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა…
საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.
მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.
ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.
საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.
გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.
წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი… უცნაური გრძნობა დამეუფლა.
აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი… საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.
ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო – “კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი…” – ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი – “შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი” და გამოვბრუნდი.
ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო? ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი”– ამბობს მუსიკოსი.