ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული წმ. მატრონას ხატის შესახებ ისაუბრა, რომელზეც საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინიცაა, გამოსახული.
„მე, მაგალითად, ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო, რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.
სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია.
ის, რაც ამას მოჰყვა არის ნამდვილი ვანდალიზმი, ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის, ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამაში არაფერია ისეთი სასკანდალო და საჩხუბარი.
შემომწირველები წაიღებენ. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოჰკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნულ ხატთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.