დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„მადლობა საპატრიარქოს რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ კმარა, მატრონას სამღვდელო მაკურთხებელი მარჯვენით აქვს ხელი აპყრობილი, რაც ასევე მკრეხელობაა და შესაცვლელია.
ზოგადად რაც მატრონაზე ვიცით, ყველაფერი ვიცით მხოლოდ ვიღაც ქალბატონ ჟდანოვას მონათხრობებით 1990-იან წლებში, ეკლესიამ მანამდე მატრონაზე არაფერი იცოდა, არადა 1950 წელს გარდაიცვალა ჟდანოვას მიხედვით მატრონა. შესაბამისად სახეზე გვაქვს დიდი ყალბისმქნელობა ჟდანოვას და მისი დაჯგუფების მხრიდან.
P.S. აქვე დავამატებ რომ ზოგადად მატრონებზე და სხვა რუს “წმინდანებზე” ჩაციკვლა რუსული იდეოლოგიის გავრცელებას ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობაში. ვუღას ახსოვს წმ. გრიგოლ ხანცთელი, წმ. გიორგი მთაწმინდელი, წმ. ქეთევან წამებული და სხვა ჩვენი უდიდესი წმინდანები, შეპყრობილები არიან მატრონებით, სერაფიმ საროვრლებით და სხვა ლეგენდარული მითოლოგიური რუსი წმინდანებით“, – წერს ის.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
