დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” აღნიშნა, მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.
„გავრცელების თვალსაზრისით წინა „პლანზე” არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტს აავადებს. შემდეგ მოდის რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი. უჩვეულო არაფერი ხდება. წინა 3 წლის განმავლობაში კორონავირუსი „ჩაგრავდა” გრიპის ვირუსს, დღეს წინა „პლანზეა” გრიპი, ძირითადად A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის” სახელით არის ცნობილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.