შემთხვევამ, რომელიც 1-ელ თებერვალს რუმინეთში მოხდა, ამ ქვეყანაში შესაძლოა ნათლობის ცერემონიის შეცვლაც კი გამოიწვიოს. 6 კვირის ბავშვი ნათლობის შემდეგ, რომლის დროსაც სამჯერ შთაფლეს წყალში, საავადმყოფოში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში და სულ მალე რეანიმაციაში გარდაიცვალა.
5 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე 60 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, რომლის მიზანია ნათლობის რიტუალის შეცვლა.
ინციდენტი ქალაქ სუჩავაში მოხდა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში. ბავშვი მაშინვე ცუდად გახდა, როგორც კი მესამედ ამოიყვანა ის წყლიდან მღვდელმა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გული უკვე გაჩერებული იყო.
მართალია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს, თუმცა ვეღარ უშველეს. გაკვეთამ უჩვენა, რომ ბავშვი დაიხრჩო. 44 წლის მღვდელი ალექსანდრ მაზარაჩი სასამართლოს წინაშე წარდგება არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით. გამოძიების დასრულებამდე ის ჩამოაშორეს საქმიანობას.
ინტერნეტსივრცეში ნათლობის ვიდეოებიც გამოჩნდა, რომლებშიც ჩანს, რომ მღვდელი და ერთი ადამიანი, რომელსაც ბავშვი ფეხებით უჭირავს, სამჯერ შთაფლავენ მას ემბაზში.
ისიც ჩანს, რომ მღვდელს ხელი უდევს მის სახეზე, სავარაუდოდ, დაცვის მიზნით, რომ წყალი არ შეუვიდეს ცხვირში და პირში, ოღონდ ბავშვს სახით მაღლა უშვებენ წყალში. მოგვიანებით რამდენიმე მღვდელმსახურმა თქვა, რომ მღვდელს ბავშვი არასწორად ეჭირა – ნათლობის დროს როგორც წესი სახით ქვემოთ უჭირავთ ხოლმე.
ბავშვის მამამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პატარას 110 მლ წყალიჰქონდა შესუნთქული და ცხვირი სისხლით ჰქონდა სავსე. ტრაგედიამ შეძრა საზოგადოება. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერმა გამოაცხადა, რომ ნათლობის ჩატარება შეიძლება წყალში მთლიანი შთაფვლის გარეშე. და რომ ნათლობა არაა აუცილებელი, 40 დღის შემდეგ მოხდეს, მით უმეტეს, თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვი შეიძლება, სანახევროდ ჩასვან წყლში ან სამჯერ მოაპკურონ წყალი ემბაზიდან.
რუმინეთში მოძრაობა დაიწყო. პეტიცია გამოქვეყნდა, რომ რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულად თქვას უარი ნათლობის ამ მეთოდზე – ბავშვის სრული შთაფვლით. პეტიციას უკვე 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
სამხწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნათლობის ამ ფორმას ბავშვების სიცოცხლე ეწირება. ერთ-ერთი ასევე გახმაურებული შემთხვევა მოხდა მოლდოვეთში, სადაც ნათლობის დროს თვე-ნახევრის ბავშვი გარდაიცვალა და მღვდელმა სასამართლოს წინაშე აგო პასუხი.
ინტერნეტსივრცეში ასევე აქტიურად განიხილავდნენ ვიდეოს, რომლის დროსაც ჩანს, როგორ უვარდება ხელიდან მღვდელს ბავშვი ნათლობის დროს. საბედნიეროდ, ეს ბავშვი გადარჩა ნათლიის სწრაფი რეაქციის წყალობით.
წყარო: BBC