„ალტ-ინფოს წარმომადგენლები“ და მხარდამჭერები, პროტესტის ნიშნად, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ამასთან დაკავშირებით, ფერაძემ მედიასთან მედიასთან კომენატრი გააკეთა.
„წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც „პრაიდთან“ ხდებოდა, და პატრულს „შეეპარნენ“ და დაარბიეს [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები], და ასევე იგივე მოხდა ივლისში, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ასევე არ „შემოიპარებიან“, თუმცა ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო.
მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი. წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით და როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, გუშინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ზემოაღნიშნული პროტესტი სწორედ ამას უკავშირდება.