აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.წ. მესაზღვრის მიერ 8 წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 19 დეკემბერს გამოცხადდა.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და მოკლულის ოჯახს რუსეთმა სამი თვის ვადაში 130.000 ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ასევე მათ უნდა დაფარონ სასამართლოსთვის გაწეული სხვა ხარჯები, კერძოდ 9,265.15 ევრო.
ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინშია.
„ – უკვე მერვე წელია ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. ამ საქმეს მაშინვე მოჰკიდა ხელი “საიას” ადვოკატმა. თავად გამოთქვეს სურვილი, ეს საქმე სტრასბურგში წაეღოთ. გიორგი ტაბატაძე ძალიან მონდომებულია, მან შეადგინა სარჩელი და გაგზავნა. იქიდან მოსულ კითხვებზეც კომპეტენტურ პასუხებს სცემდა და ეს დღეც დადგა. ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ სიმართლე დაინახეს. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს. გამოიკვეთა, რომ ქართველის არაადამიანურად სიკვდილში, პირველ რიგში, დამნაშავეები რუსები არიან; ისინი აქეზებენ სეპარატისტ აფხაზებს, ოსებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ ხოლმე. ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არა მარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას. იმედი გამიჩნდა, რომ ჩემს შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებულების საქმეებიც გაიმარჯვებს სტრასბურგში. ეს საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა გიგას მკვლელობაში ბრალდებული დაისჯება. ჩემი ერთადერთი სურვილია, მკვლელი გადმოსცენ საქართველოს მხარეს და ციხეში ჩაჯდეს. 8 წელი გავიდა და ერთი დღე არ ჩამჯდარა… ეს წლები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რაც მთავარია, დადასტურდა რუსეთის ბრალეულობა და ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამ საქმეზე იმუშავა. მადლობა თითოეულს, ვინც თუნდაც ერთი ფურცელი ჩადო ამ ისტორიაში. განსაკუთრებული მადლობა გიორგის, ამხელა თავდადებისთვის. “საიას” მერე საქმეში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ჩაერთო, ახლა მთავრობაც წერს, ჩვენც ყველაფრის საქმის კურსში ვიყავითო. ვინც თავის საქმეს აკეთებს, ყველას დიდ პატივს ვცემ.
– გაქვთ გადაწყვეტილების აღსრულების იმედი?
– რუსეთი რომ იტყვის, ამაზე პასუხს ვაგებო, ამას არ ველოდები, არც იმ დაკისრებული თანხის გადახდას, თუმცა შეიძლება საბოლოოდ ესეც მოხდეს… იქ მარტო ჩემი შვილის ამბავი არ იყო გაგზავნილი, ჩემნაირად გაუბედურებული სხვა ოჯახების პატრონებმაც გაუგზავნეს საჩივრები ადვოკატებს და ღმერთმა ქნას, ყველა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომელიც აღსრულდება. პატიოსანზე პატიოსანი ოჯახი მქონდა, პატიოსანი ბიჭი იყო გიგა, ძალიან კარგი ვაჟკაცი. პატრიოტული სული რომ გამოამჟღავნა, ამიტომაც მომიკლეს. ჩემს შვილამდეც და შემდეგაც ბევრი უმძიმესი მკვლელობა მოხდა, რაც საუბედუროდ ისევ გრძელდება. ამ დღეებში ყველას თვალწინ ახალგაზრდა კაცი, ვიტალი კარბაია ცემაში მოკლეს და დამნაშავეებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ჩემი შვილის მკვლელსაც ყველა ხედავდა. გადაღებულია, როგორ მოვიდნენ ისინი, რა ჩაიდინა, მაგრამ არავინ დასჯილა. ეკლესიაში სალოცავად მისული თამაზ გინტური სიცოცხლეს გამოaსალმეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? მტერს მტერი უნდა დავარქვათ. ვიღაცა რომ აშავებს, მის გაკეთებულ საქმეზე არ უნდა ვთქვათ, არაფერი გაუკეთებიაო. დაუსჯელობის სინდრომზე ცუდი არაფერია. რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, ეს უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმეა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.