დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან.
მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22
