საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი პოეტისა და პუბლიცისტის, თემურ ჩალაბაშვილის, გარდაცვალების გამო
თემურ ჩალაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი პოეტური დებიუტიც იქაურ ჟურნალში, „პირველ სხივში“, შედგა.
პოეტი წლების განმავლობაში მისდევდა საგამომცემლო საქმიანობას, როგორც გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი რედაქტორი, შემდგომში გამომცემლობა „მერანის“ განყოფილების ხელმძღვანელი.
მისი მძაფრი პუბლიცისტური სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში.
და მაინც, თემურ ჩალაბაშვილის პროფესია ასე განისაზღვრებოდა: პოეტი.
ბევრს არ წერდა, მაგრამ ყველაფერს გულის სისხლით წერდა.
ამის დასტურია მისი პოეტური კრებულები: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“, „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.
თემურ ჩალაბაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სალიტერატურო და, ზოგადად, კულტურულ ცხოვრებაში. რაც გულით სწამდა, იმას ბოლომდე ეთაყვანებოდა. ამიტომაც სიხარულით შეხვდა შარშან პრემია „ანას“ დაარსებას და მთელი არსებით ჩაერთო საკონკურსო ჟიურის საქმიანობაში. ყველამ დამსახურებულ აღიარებად აღიქვა ის ფაქტი, ორიოდე დღის წინათ, კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია „მუზა“ „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ რომ გადაეცა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს პოეტის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს…“, – აღნიშნულია პოსტში.