ქართველი პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩალაბაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას პოეტის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი უახლოესი მეგობრები ავრცელებენ.
ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ “დროშა”-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ “პირველ სხივში”, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა “მერანი”-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.