12 ნაფიცი მსაჯული რუსთავის სასამართლოში ურთულესი მისიის წინაშე იდგა, როცა განსასჯელის სკამზე 21 წლის კახა კობახიძე იჯდა. მას შურისძიების მოტივით მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრებოდა. მკვლელობა 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება
ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:
– იმ დღეს მეზობლის გასვენებაში იყვნენ მამა-შვილი, კობა კობახიძემ დალია ჭირის სუფრაზე, კახამ სახლში მიიყვანა მამა და ისევ წავიდა. კობამ ჩხუბი დაიწყო. კახას დაურეკეს, მამა ჩხუბობსო. რადგან კახა ხშირად ახერხებდა მის დამშვიდებას და დაძინებას, ამჯერადაც უხმეს. პრობლემა სიმთვრალე იყო, აგრესიული ხდებოდა. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას. სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები – ეს ყველამ იცის. სიფხიზლეში რადიკალურად განსხვავებული იყო. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა ქმრის ყოველ დალევას და როგორც კი მთვრალი მივიდოდა, რომ არ ეცემა, ქალი ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან. იმ დღესაც დალია და ატეხა ჩხუბი.