სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
„საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, – ამ სიტყვებით მიმართა 46 წლის წინ სვეტიცხოველში ილია მეორემ ქართველ ხალხს.
საზეიმო წირვა დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში, 10 საათზე დაიწყება.
1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.
ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.
შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.
არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო – სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.
არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.
ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).
არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.
სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:
„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა…კითხვა განაგრძეთ ბმულზე.