ქსელურ მაღაზიებში შერჩეული პროდუქტების ფასი საშუალოდ 2%-ით აღემატება არაქსელურ მაღაზიებში არსებულ ფასს – PMCG
ქსელურ მაღაზიებში შერჩეული პროდუქტების ფასი საშუალოდ, 2%-ით აღემატება არაქსელურ მაღაზიებში არსებულ ფასს, – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევაში საცალო ვაჭრობის სექტორია მიმოხილული, თუ როგორია მათი ფინანსური მაჩვენებლები, რა გამოწვევებია სექტორში, როგორია სურსათის ფასები და ა.შ.
„ბოლო წლებში სამომხმარებლო პროდუქციის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი და გარე ეკონომიკური შოკებით, ძირითადად, COVID-19 პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ფაქტორებით. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის კატეგორიებში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს ყველაზე მაღალი წილი აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ კატეგორიაში ფასების ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები საშუალო ინფლაციასთან შედარებით მაღალი ცვალებადობით გამოირჩევა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ მაქსიმუმს (22%-ით მაღალი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) 2022 წლის მაისში მიაღწია, რასაც კლების დინამიკა მოჰყვა. 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, სურსათის ფასებმა 2.4%-ით მოიმატა, რაც ნაწილობრივ მაღალი საბაზო ეფექტით აიხსნება.
გარდა სურსათის ფასების დინამიკაზე დაკვირვებისა, კვლევისას ასევე გაანალიზდა ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში მრავალფეროვანი სურსათის ხელმისაწვდომობა და შედარდა ფასები. შერჩეულ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მონაცემები შეგროვდა თბილისი მასშტაბით ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის მრავალფეროვნების ნაკლებობა დაფიქსირდა მოკვლევის არეალში მყოფ ყველა არაქსელურ მაღაზიაში, მეორე მხრივ, ქსელურ მაღაზიებში შეინიშნებოდა პროდუქტების მაღალი არჩევანი და ხელმისაწვდომობა.
იმის გათვალისწინებით, რომ არაქსელურ მაღაზიებში პროდუქციის დაბალი მრავალფეროვნება შეინიშნებოდა, შერჩეული 32 პროდუქტიდან, მონაცემების შეგროვება მოხერხდა 26 პროდუქტზე. შესაბამისად, ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში ფასების სხვაობასთან დაკავშირებით საშუალო შედარებები აღნიშნული 26 პროდუქტის ანალიზით გაკეთდა. კერძოდ, სათითაოდ შედარდა საშუალო ფასები ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში, აღნიშნული განსხვავებები აგრეგირდა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ საშუალოდ, 2%-ით აღემატება ქსელურ მაღაზიებში შერჩეული პროდუქტების ფასები არაქსელურ მაღაზიებში არსებულ ფასებს. აღნიშნული სხვაობა, შესაძლოა, აიხსნას ქსელური მაღაზიებისთვის არსებული შედარებით მაღალი საოპერაციო ხარჯებით, რაც განპირობებულია პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და რეალიზაციის სტანდარტების სრული დაცვით,“ – აღნიშნულია კვლევაში.