პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კვირას კუს ტბის ზემოთ მდებარე მთებს მივაშურე. ბავშვობაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მოჩუხჩუხე პატარა წყაროზე, ბოლო დროს კვლავ გამიჩნდა მთის წყლის მათარაში შეგროვების სურვილი.
სანამ ნელი და მძიმე ნაბიჯით ბილიკის გზას შევუდგებოდი, სანდო თანამებრძოლთა მოლოდინში იქვე გავიარ-გამოვიარე. მალევე უზარმაზარი მანქანა დავინახე, სქელი კარი გამოღებული ჰქონდათ, მასთან სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ქალი დაცვის რამდენიმე წევრის თანხლებით იდგა. ელჩი კელი დეგნანი ადვილად ვიცანი.
ქ-ნი დეგნანი თითქმის ერთი წელია უყურებს მაგიდის ირგვლივ შეკრებილ ველურებს, გამოქვაბულიდან გამოვარდნილ პოლიტიკოსებს, რომელთა ნდობა არ შეიძლება; რომელთაც სძულთ ერთმანეთი; რომელთაც მიზნის მისაღწევად, ძალაუფლებისთვის ნებისმიერი ტყუილის კადრება შეუძლიათ; რომელთაც არ აქვს არანაირი მყარი ღირებულებები, ხედვები და დღეში ათჯერ იცვლიან დამოკიდებულებებს. მათი ხალხი შიმშილობს, მათი სამშობლოს ირგვლივ მტრული ძალების მიერ შეკრული წრე ვიწროვდება, ისინი კი ამძაღებული ყველის ქორვაჭრებივით წვრილმანებისთვის ხოცავენ ერთმანეთს. ქ-ნი დეგნანი და სხვა მედიატორები პატარა ადამიანებს მხოლოდ კი არ აკვირდებიან, ქორვაჭართა მორიგებისთვის ხარჯავენ დროს, თან მედიატორობა მათი მოვალეობა სულაც არ არის, მადლობის ნაცვლად კი მუდმივ ეჭვს, უბადრუკ კრიტიკასა და უმადურობას იღებენ.
ჰოდა, უცებ წამომიარა, ხელი დავუქნიე, მივუახლოვდი და მადლობა გადავუხადე, ორი სიტყვა ვუთხარი, მანაც ორივე ხელი გულზე დაიდო, თავი დამიკრა და მხიარულად მომაძახა: “დიიიიიდიიი მადლლლლოოოოობა”. აშკარად გახარებული იყო.
დაცვის წევრები იყვნენ ცოტა შეშფოთებულნი… წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ, როდესაც ელჩისკენ დაძრულს დამინახავდნენ… ქუდი ახალი მოხდილი მქონდა, ბალიშაფეთქებულივით აბურძგნულ თმებს ქარი მიფრიალებდა; ფეხზე ისეთი ბოტასები მეცვა, რომლის ტალახიან ბილიკებზე დაგლეჯა არ დამენანებოდა, თან მატას მიერ ე.წ. “ტყლარწით” შელახული სპორტული შარვლის ერთი ტოტი ფეხსაცმლის ენის ქვეშ იყო გაჭედილი, მეორე არა, ალბათ, მთავარი მაინც ჩემი გამომეტყველება იქნებოდა! ორი პირბადე, გარედან წარწერით “Expelliarmus” და დაორთქლილი სათვალეები.
კარგად ვარ გადარჩენილი.
მადლობა ყველას უხარია, ვინც არ უნდა იყოს ის! ხშირად და უმცირესი ამბების გამო უნდა ვიყოთ მადლიერი!”