“ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? გაუგებარია რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობა და მდგომარეობის დამძიმება., – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
„ახალი წელი მოდის, შობა მოდის და მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება მორალური საწყისებიდან გამომდინარე. ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება, მე მეტი სათქმელი არა მაქვს.
რატომ უნდა უსურვო საერთოდ ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდე მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია ამაში ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.