მას შემდეგ, რაც პოლიტიკა და შვილობილი პარტია დატოვა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსაც ტოვებს და საფრანგეთის დედაქალაქში აპირებს გამგზავრებას. ეს ვარაუდი გაამძაფრა იმანაც, რომ მან საქართველოში მის ხელთ არსებული აქტივები საკუთარი მენეჯმენტის სფეროდან გაიტანა. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”.
ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლას მართლაც აპირებდეს.
“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა – ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს”, – განაცხადა მან გაზეთ “კვირის პალიტრასთან”. ”
ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია, თუმცა როცა საქმე ბიძინა ივანიშვილს შეეხება, ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავთ. მით უფრო, რომ საფრანგეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სულ ცოტა ხნის წინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.
როგორც საფრანგეთის მთავრობის განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, “წელს ეს ჯილდო, მათ შორის, იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. შეგახსენებთ, საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ადამიანებს სხვადასხვა მიღწევისთვის გადაეცემათ.
ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო. რაც ცნობილია, ივანიშვილებს საცხოვრებელი ბინა პარიზში და სახლი კი სენ-ტროპეს სანაპიროზე აქვთ. მოგეხსენებათ, საფრანგეთამდე ივანიშვილი რუსეთში ცხოვრობდა, სადაც დააგროვა კიდეც ქონება.
2002 წელს ივანიშვილმა რუსეთი საბოლოოდ დატოვა და ოჯახთან ერთად, საფრანგეთში გადასახლდა, სადაც ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას მიჰყო ხელი, რომელთა ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი ოთხივე შვილი საფრანგეთის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ის ოჯახთან ერთად 2002 წლამდეც დრო და დრო ცხოვრობდა. 1994 წელს მისი ვაჟი ბერა სწორედ პარიზში დაიბადა.
ივანიშვილების ოჯახის საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, წლების განმავლობაში საფრანგეთში საცხოვრებლად რჩებოდა მისი უფროსი ვაჟი – უტა, რომელმაც უმაღლესი განათლება სწორედ ამ ქვეყანაში მიიღო.