ასტროლოგების პროგნოზით, 2024 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური იქნება.
ვერძი
კარიერა – მართალია, დრაკონი უამრავ გამოწვევას უმზადებს ვერძის ნიშნით დაბადებულებს, მაგრამ სწორედ 2024 წელს მისცემს მასშტაბური ცვლილებების განხორციელების, დაწინაურებისა და „საკუთარი ადგილის“ პოვნის საშუალებას. მთავარია, არ შეუშინდეთ სიახლეს, თამამად მოჰკიდოთ ხელი ახალ პროექტებს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ, მით უფრო, რომ მოზღვავებული ენერგიისა და ენთუზიაზმის ფონზე ნამდვილად ვერავინ გაბედავს თქვენთვის ხელის შეშლას.
პირადი ცხოვრება – დაქორწინებულ ვერძებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან 2024 წელი კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის. მეტიც, სწორედ ახლა შეძლებთ წვრილმანი უთანხმოების მოგვარებას და ოჯახური იდილიის შექმნას, მარტოხელა ვერძებმა კი, განსაკუთრებით თებერვალსა და ივლისში უნდა გაამახვილონ ყურადღება, რათა ხელიდან არ გაუშვან მოულოდნელი შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც დიდ ხნით უერთგულებს და ყველაზე საიმედო პარტნიორი გახდება.
ფინანსები – სტაბილური იქნება წელი ფინანსური თვალსაზრისითაც. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან წამოიწყოთ საკუთარი საქმე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს, მთავარია, არ გაჯიუტდეთ და არ თქვათ უარი ერთი შეხედვით რთულ და შრომატევად პროექტებზე.
კურო
კარიერა – მართალია, 2024 წელი კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ახალი პროექტებით, მრავალრიცხოვანი შეხვედრებითა და საქმიანი მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული, მაგრამ ვერც სირთულეებისგან შეძლებენ თავის დაღწევას, რისი მიზეზიც მათივე სიჯიუტე და პედანტიზმი გახდება. ნუ შეუშინდებით პრობლემებს! გამოიჩინეთ გონიერება, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და საკუთარი შესაძლებლობები, თამამად შეეჭიდეთ მასშტაბურ პროექტებს და შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
პირადი ცხოვრება – ნაკლებად სტაბილური და მეტად ემოციური იქნება კუროს პირადი ცხოვრებაც. მართალია, ის, ვინც „აქტიურ ძიებაშია“ წლის დასაწყისშივე გაიცნობს საინტერესო ადამიანს, ვისთანაც სიამოვნებით გაატარებს დროს, მაგრამ გაზაფხულზე დაღლილობასთან ერთად გაღიზიანებასაც იგრძნობს, ერთ დროს საინტერესო ადამიანი კი, უინტერესოდ მოეჩვენება და სინანულის გარეშე დაემშვიდობება. პრობლემები ელით დაქორწინებულ კუროებსაც, რომელთაც მეუღლესთან მუდმივი კამათი დაუკარგავს სიმშვიდეს, თუმცა თანდაყოლილი სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით მაინც შეძლებენ სერიოზული კონფლიქტების თავიდან არიდებას.
ფინანსები – მართალია, 2024 წელი საკმაოდ შემოსავლიანი იქნება, მაგრამ კომფორტისა და ფუფუნების მოყვარული კურო მეტს მოინდომებს, რამაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა სწრაფი შემოსავლის ძიებაში ისიც არ დაკარგოთ, რაც დიდი შრომით მოიპოვეთ.
ტყუპები
კარიერა – 2024 წელს განსაკუთრებულ წარმატებას ხელმძღვანელ პოსტზე მყოფი ტყუპები მიაღწევენ, დანარჩენებს კი, კოლეგებსა და იმავე ხელმძღვანელებთან მოუწევთ კომპრომისების მოძიება. მართალია, ტყუპების ნიშნით დაბადებულები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას, მაგრამ მაინც არ ღირს „მთელ სამყაროსთან“ დამეგობრება, რადგან ზოგჯერ მეგობრებმაც იციან დანაპირების მოთხოვნა, რაც ძალიან აღიზიანებთ თავქარიან და ზედაპირულ ტყუპებს, რომელთაც პრიორიტეტები და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაც ისევე ხშირად ეცვლებათ, როგორც გუნება-განწყობა. წლის მეორე ნახევარში მათ გაუმართლებთ, ვისაც პროფესიული განვითარება, სამსახურის შეცვლა ან საკუთარი საქმის დაწყება უნდა, თუმცა, არ ღირს კარდინალური ცვლილებების ლოდინი და იმედის ქონა, რომ ყველაფერი ერთ დღეში და თავისით შეიცვლება.
პირადი ცხოვრება – სერიოზული ცვლილებები ელით ტყუპებს პირად ცხოვრებაშიც, რადგან ბევრს მოუწევს ურთიერთობების დასრულება და პარტნიორთან დამშვიდობება. მართალია, ზოგი სიხარულით შეხვდება სიახლეს, მაგრამ ზოგი პირიქით, დიდხანს ვერ შეძლებს დანაკლისის ანაზღაურებას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება პარტნიორთან ურთიერთობისას, არ ღირს გაუთავებლად საკუთარ სურვილებზე საუბარი, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი უკმაყოფილება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას. ნაკლებად გაუმართლებთ მარტოხელა ტყუპებს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ შესაფერისი პარტნიორის მოძიება, თუმცა გულს მაინც არ გაიტეხენ და ჩვეული სიმსუბუქით, თავქარიანობით გააბამენ ფლირტს ნებისმიერთან, ვინც ერთი ნახვით მოეწონებათ.
ფინანსები – საკმაოდ შემოსავლიანი იქნება ტყუპებისთვის 2024 წელი, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა და ფულის გაუაზრებლად ხარჯვა, რათა პრობლემები არ შეიქმნათ წლის მეორე ნახევარში. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და ავანტიურულ გარიგებებს, მართალია, ყოველთვის შესაშური ენთუზიაზმით პოულობთ უსიამოვნებებს, მაგრამ მომავალ წელს ჯობია თავი შეიკავოთ რისკისა და მსგავსი ექსპერიმენტებისგან.
კირჩხიბი
კარიერა – მომავალ წელს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან ცვლილებებით საქმიან ცხოვრებაში, რადგან ვერც დაწინაურებას შეძლებენ, ვერც თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთებას, თუმცა არც მარცხი და სამსახურიდან დათხოვნა დაემუქრებათ. დრაკონის წელი კირჩხიბისთვის უფრო ფუნდამენტის შენების წელი იქნება, როცა სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებსაც ჩაატარებს შემდგომი განვითარებისთვის.
პირადი ცხოვრება – დაქორწინებულ და დაწყვილებულ კირჩხიბებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ მეუღლეების მიმართ, რადგან სტაბილური საქმიანი ცხოვრებისგან განსხვავებით, ბევრად შფოთიანი და პრობლემური იქნება პირადი ცხოვრება, მეტიც, არაა გამორიცხული ხანგრძლივი ქორწინებაც დაშორებით დასრულდეს. იშვიათი გამართლება ელით მარტოხელა კირჩხიბებს, რომლებიც სწორედ მომავალ წელს, სავარაუდოდ, ივლისსა ან აგვისტოში შეხვდებიან „იმ ერთადერთსა და განუმეორებელს“, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდნენ. მთავარია სახლში, მით უფრო, საკუთარ ნაჭუჭში არ გამოიკეტოთ და არ თქვათ უარი მეგობრების მიწვევაზე, რადგან იღბალი მხოლოდ ყველაზე თამამებს უღიმის.
ფინანსები – 2024 წელს, როცა არც კარიერული ზრდაა მოსალოდნელი არც სარფიანი შეთავაზებები, კირჩხიბმა დაზოგვა და უკვე არსებულით დაკმაყოფილება უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა, თუმცა, არც მომჭირნეობა გამოგადგებათ, რადგან ასე მხოლოდ მათ გაანაწყენებთ, ვინც დიდი ხანია თქვენს მატერიალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
ლომი
კარიერა – ლომისთვის 2024 წელი განვითარებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებს დიდხანს მოუწიათ ლოდინი, მაგრამ მომავალ წელს ერთიანად აუნაზღაურდებათ მოთმინება. დევიზით „ან ახლა ან არასდროს“ ლომი ნებისმიერი სირთულის საქმეს შეეჭიდება და ყველა წამოწყებაში წარმატებული იქნება. თუმცა, არ ღირს შესაძლებლობების გადაფასება, თავმომწონეობა და საკუთარი მიღწევებით ტრაბახი, რადგან ასე მხოლოდ კოლეგებს გააღიზიანებთ.
პირადი ცხოვრება – დაქორწინებულ ან დაწყვილებულ ლომებს მეტი მოკრძალების გამოჩენა და დროებით ამბიციებზე უარის თქმა მოუწევთ. ნაკლები იფიქრეთ საკუთარ თავზე და მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე, გაანებივრეთ ქათინაურებით და სასიამოვნო სიურპრიზებით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის შენარჩუნებას, რომელსაც დიდი ხანია სხვისკენ უჭირავს თვალი. არ დატოვებს უყურადღებოდ დრაკონი არც მარტოხელა ლომებს, რომელთაც რომანტიკულ თავგადასავლებს და სამსახურებრივ რომანებს შესთავაზებს, რაც ორმაგად სასარგებლო იქნება, რადგან ისედაც დაკავებულებს არც ზედმეტი დროის დახარჯვა მოუწევთ და პაემნისთვის ადგილის ძებნა.
ფინანსები – 2024 წელი განსაკუთრებით შემოსავლიანი იქნება ლომისთვის, რადგან ამოსუნთქვის გარეშე მოუწევს მუშაობა, თუმცა, დრაკონი არა მხოლოდ შრომას დაუფასებს, არამედ, სასიამოვნო სიურპრიზსაც მოუწყობს და ან ლატარიაში მოაგებინებს ან უცნობი ნათესავის მემკვიდრეობას უსახსოვრებს. პატივისცემით მიიღეთ და გაუფრთხილდით საჩუქრებს, არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა და ყველაფრის ერთ დღეში განიავება.
ქალწული
კარიერა – განსაკუთრებით პერსპექტიული ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის წლის პირველი ნახევარი იქნება, როცა მათ პუნქტუალურობას, მონდომებას და პასუხისმგებლობას კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელებიც დააფასებენ, თუმცა ბევრად რთული აღმოჩნდა წლის ბოლო, როცა საქმიანი პარტნიორები ძველ შეთანხმებებს გააუქმებენ და ახალ, თქვენთვის ნაკლებად მისაღებ პირობებს შემოგთავაზებენ. არ ღირს ემოციებს აყოლა და გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღება, რადგან პარტნიორების უარით გასტუმრებას ყოველთვის მოასწრებთ. უმჯობესია საღი გონებით შეაფასოთ ყველა შეთავაზება, ჰკითხოთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
პირადი ცხოვრება – 2024 წელს ყველაზე მეტად სწორედ ქალწულებს გაუმართლებთ, რადგან არა მხოლოდ წყვილები მოიპოვებენ სიმშვიდესა და ჰარმონიას, არამედ მარტოხელებიც შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას. არაა გამორიცხული სწორედ მასთან დაწყვილდეთ, ვინც ყოველთვის თქვენს გვერდით იყო, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ამჩნევდით.
ფინანსები – იშვიათი აკურატულობით გამორჩეული ქალწული, რომელიც ფულსაც ყოველთვის სიფრთხილით ხარჯავს, 2024 წელსაც მშვიდად იქნება, რადგან არც გრანდიოზული შემოსავალი ექნება, არც განსაკუთრებული ხარჯი, ამიტომ წლის ბოლომდე შეინარჩუნებს სტაბილურობას.
სასწორი
კარიერა – 2024 წელს სასწორის ნიშნით დაბადებულებს მხოლოდ ნოვატორული აზროვნება დაეხმარება წინსვლასა და კარიერის განვითარებაში. მართალია, ნაკლებად მოგინდებათ მსხვერპლის გაღების და ზედმეტად თავის შეწუხება, მაგრამ დაწინაურების სურვილი შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ კოლეგები თქვენს ჭკუის სწავლებას შეეცდებიან, პირიქით მოისმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რადგან მათ მხოლოდ სიკეთე უნდათ თქვენთვის.
პირადი ცხოვრება – ბევრად გაუმარტივდებათ სასწორებს პირადი ცხოვრების მოწესრიგება, რადგან ისედაც ყველაფერი წესრიგში აქვთ. დაქორწინებულები ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ ცხოვრებას, რადგან მათ მყუდროებას ვერაფერი დაარღვევს, მარტოხელებს კი, ძველი ურთიერთობის აღდგენის შანსი ექნებათ, თუმცა, არ ღირს წარსულში დაბრუნება თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეძლებთ შეცდომების გამოსწორებას.
ფინანსები – მართალია, მრავალწლიანი მონდომება სწორედ 2024 წელს გამოიღებს შედეგს, მაგრამ მაინც არ ღირს თავის დაკარგვა და ცხოვრების წესის ერთიანად შეცვლა, რადგან მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, წლის ბოლოს მოუწევთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა, ის კი, ვინც მაღალანაზღაურებადი სამსახურის იმედზეა, სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდებიან, ასე რომ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ კრედიტისა და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას.
მორიელი
კარიერა – მომავალ წელს მორიელის ნიშნით დაბადებულებს პირველ რიგში საქმიანი ცხოვრების გადახედვა, შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა მოუწევთ. არაა გამორიცხული რადიკალურად შეცვალოთ საქმიანობის სფერო და იქ მოსინჯოთ შესაძლებლობები, სადაც მანამდე არაფერი გესაქმებოდათ. არ შეუშინდეთ სირთულეებს, რადგან თქვენს მხარეს იქნება წლის მფარველი დრაკონიც, რომელიც სწორედ თამამ და შემოქმედებით ადამიანებს სწყალობს.
პირადი ცხოვრება – ნამდვილი სასწაული მოხდება მომავალ წელს, რადგან მორიელი გულწრფელად აღიარებს ყველა ნაკლსა და შეცდომას, თუმცა სიამაყე არ მისცემს მათი გამოსწორების უფლებას. მარცხით დასრულდება ძველი ურთიერთობის აღდგენის მცდელობაც, ახალი კი, ნაკლებად გაამართლებს, რადგან პარტნიორი აღმოჩნდება ზედმეტად მომთხოვნი.
ფინანსები – მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ ფინანსური წარმატების მიღწევას, თუ არ დაიზარებთ და გულდასმით შეისწავლით ყველა შეთავაზებას. განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენა მართებს მორიელს ‘’შოპინგის’’ დროს, ნამდვილად არ ღირს სტრესის ფონზე ყველა მაღაზიის შემორბენა და უსარგებლო ნივთების მხოლოდ ნერვების დასამშვიდებლად შეძენა.
მშვილდოსანი
კარიერა – საუკეთესო პერიოდი მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულთათვის წლის დასაწყისი ექნება, როცა მოზღვავებული ენერგიის ფონზე თვითონაც დაიჯერებს და სხვასაც დააჯერებს, რომ მთების გადადგმა შეუძლია. მაქსიმალურად გამოიყენეთ წლის პირველი ნახევარი მაისის თვემდე, განიხილეთ ახალი პროექტები და დასახეთ სამომავლო გეგმები, რადგან სწორედ ამ პერიოდში იქნებით საუკეთესო ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაში. ნაკლებად გაამართლებს ზაფხული, შემოდგომაზე კი, თქვენი პასიურობით გათამამებული კონკურენტები გაიძულებენ ლიდერის პოზიციის დათმობას.
პირადი ცხოვრება – დაქორწინებულ და დაწყვილებულ მშვილდოსნებს ოჯახში მატება ელით, მათ კი, ვინც მარტოა, დროა მატებაზეც დაფიქრდეს და ოჯახის შექმნაზეც, რადგან 2024 წელს დრაკონი სწორედ მყარ ოჯახს და მტკიცე ურთიერთობას წაახალისებს. მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეზე და საყვარელ ადამიანზე ზრუნვას, მარტოხელა მერწყულს კი, რომელიც დაუფიქრებლად გადაეშვება რომანტიკულ თავგადასავლებში, არა მხოლოდ კომპლიმენტების, არამედ ახლად შეძენილი პარტნიორის პრობლემების მოსმენა და მოგვარებაც მოუწევს.
ფინანსები – ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე იქნება დამოკიდებული მშვილდოსნის ფინანსური კეთილდღეობაც, რადგან სწორედ მათი სურვილების ასრულებასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დახარჯავს შემოსავლის დიდ ნაწილს. რა თქმა უნდა, ნაკლებად სანუგეშო პერსპექტივაა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, მით უფრო, რომ იძულებით დაკისრებული მისიისგან მაინც ვერ შეძლებთ თავის დაღწევას. აჯობებს შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მორჩილად დააკმაყოფილოთ ახლობელთა მოთხოვნები.
თხის რქა
კარიერა – მართალია, თხის რქის ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადაწყვეტს გადაბარგებას, ამიტომ აქტიურად შეუდგება ახალი სამსახურის ძებნას, მაგრამ დრაკონი ნაკლებად მოიწონებს მის გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შეაფერხებს ყველა წამოწყებას. უმჯობესია მოგზაურობა შემდეგი წლისთვის გადადოთ და ისევ ძველ სამსახურს დაუბრუნდეთ, სადაც მართალია, ნაკლებად გექნებათ განვითარებისა და დაწინაურების შანსი, მაგრამ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებთ.
პირადი ცხოვრება – ნაკლებადაა მოსალოდნელი ცვლილებები თხის რქის პირად ცხოვრებაშიც, თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ელის მეუღლისა ან პარტნიორისგან, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად მაინც შეძლებს მის გაკვირვებას რომანტიკული ვახშმის მოწყობით. არ გაუმართლებთ არც მარტოხელა თხის რქებს, რადგან თავბრუდამხვევი რომანების მიუხედავად, მაინც ვერავისთან შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას.
ფინანსები – სიფრთხილის გამოჩენა მართებს თხის რქას მთელი წლის განმავლობაში, რადგან ხარჯი უფრო მეტი ექნება, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული სოლიდური თანხის დახარჯვა მოუხდეს საკუთარი ან ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებითი შემოსავლის მოძიების შანსი კი, წლის მეორე ნახევარში ექნება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მოძიებას და საკუთარი პროექტებით დაინტერესებას შეძლებს.
მერწყული
კარიერა – მერწყულის ნიშნით დაბადებულებს დრაკონი არა მხოლოდ სერიოზულობის და პასუხისმგებლობის გამოჩენას, არამედ გამოფხიზლებას და აქტიურად მოქმედებასაც აიძულებს, რადგან კომფორტული სტაბილურობა, რომელიც სამსახურში მოიწყვეთ დიდი ხანია სტაგნაციას დაემსგავსა. დროა, გაიღვიძოთ და ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეუდექით მუშაობას თებერვლის თვიდან და არ დაივიწყოთ პერიოდულად დერეფანში გასეირნება, რათა თავი შეახსენოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს.
პირადი ცხოვრება – დაწყვილებულ მერწყულებს მეტი ლოიალურობის გამოჩენა მართებთ, დროა ისწავლოთ პატიება და მისცეთ საყვარელ ადამიანს შეცდომების გამოსწორების შანსი, რადგან უშეცდომო არავინაა, მარტოხელა მერწყულებს კი, პარტნიორების მიმართ მოთხოვნების გრძელი სიის შემოკლება მოუწევთ, რადგან არც იდეალური ადამიანები არსებობენ.
ფინანსები – მართალია, მერწყული ხელგაშლილობით გამოირჩევა, მაგრამ 2024 წელს ფინანსების დაზოგვა მოუწევს, რადგან წლის მეორე ნახევარში სერიოზული კრიზისი დაემუქრება, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება ისარგებლოს მისი გულუბრყვილობით და გააბას ავანტიურულ მახეში.
თევზები
კარიერა – მეტი მონდომებისა და ენთუზიაზმის გამოჩენა მოუწევთ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რადგან წლების განმავლობაში გაზარმაცებულებს, ძალიან გაუჭირდებათ მობილიზაცია და დრაკონის მიერ შეთავაზებული გამოწვევების დაძლევა. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რადგან ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ნეგატიურიც – გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, რადგან წლის ბოლოს ყველა გადადებული პროექტისთვის ერთად მოგთხოვენ პასუხს, ახალი და საინტერესო სამსახურის მოძიების შემთხვევაში კი, სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ძველს, რადგან სიახლე იმ შემთხვევაშიც სარგებელს მოგიტანთ, თუ ანაზღაურება გექნებათ ნაკლები.
პირადი ცხოვრება – სერიოზული გამოცდა ელით თევზებს პირად ცხოვრებაში, რადგან დრაკონი პირველ რიგში მათ ერთგულებას შეამოწმებს. დაწყვილებულ თევზებს მეტი გულწრფელობის გამოჩენა მართებთ საკუთარ თავთან, აღიარეთ შეცდომები და ნუ ეცდებით ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალებას, რადგან უმიზეზოდ თავდასხმას პასუხიც შესაბამისი მოჰყვება და ისევ თქვენ დაზარალდებით. ბევრად სასიამოვნო წელი ელით მარტოხელა თევზებს, რომლებიც გაზაფხულზე შეხვდებიან იმ ადამიანს, ვისთანაც არა მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს გაატარებენ სიამოვნებით, არამედ გამოზამთრებაც მოუნდებათ.
ფინანსები – მართალია, თევზები მუდმივად იოლი ფულის შოვნასა და გამდიდრებაზე ოცნებობენ, მაგრამ ოცნება წელსაც აუხდენელი დარჩება. დროა, დაემშვიდობოთ ილუზიებს და გამოიჩინოთ მეტი პრაქტიკულობა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსი გექნებათ, თუმცა ისევ თქვენს მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა პოზიტიური შესაძლებლობების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.