2 დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 5 და 2.7 წლის ძმები ქუჩაში პიტბულმა დაკბინა.
უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია, ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში.
„მეგობრებო დიდი ამბავი გვაქვს.
ოპერაცია სახელმწიფომ სრულად დაუფინანსა.
რაც თანხა ჩაირიცხა, მოხმარდება სხვადასხვა გამოკვლევებს.
რაც კი დარჩება, ლაზარესავით გაჭირვებულ ბავშვს მოხმარდება.
ამიტომ თანხები აღარ გვესაჭიროება, გავრცელეთ რომ ის ძველი პოსტები წაიშალოს.
არც ერთი თეთრი ტყუილად არ დაიკარგება და გთხოვთ ცუდ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ . ასეთ ამბავზე არავინ აიღებს ტყუილად ფულს !
დიდი მადლობა ყველას…
ღმერთმა სიკეთით დაგიბრუნოთ უკან ყველა გაღებული თეთრი…
ძლიერი ბიჭია ლაზარე, ხვალ გაუკეთდება ოპერაცია და ატიტინდება ისევ ძველებურად გაახარებს მის დედიკოს და მამიკოს…“, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ლიკა ჩავლეშვილი.
ლაზარეს ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე.
„სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!
კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!
წმინდა ბარბარე გვფარავდეს!“, – წერს ის.
წყარო: gurianews.com