პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე უკვე გამოსულია და მისი პრეზენტაცია ნეაპოლში ხვალ შედგება. – ამასთან დაკავშირებით კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“დღეს გამოვიდა წიგნი, რომელსაც, ზუსტად ვიცი, არ ექნება მეორე რიგის როლი იტალიელებისთვის საქართველოს გასაცნობად. ამას დიდი მედია-მხარდაჭერა და მოქალაქეების ინტერესი განაპირობებს, წინასიტყვაობის ავტორი კი, აკა მორჩილაძესთან ერთად – დიეგო მარადონა უმცროსია. საქართველოში ეს წიგნი შეიყვარა ბევრმა და უმცირესი გაღიზიანდა. მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილს უკვე ვუპასუხე შესაბამისად, ხოლო მეორე, შედარებით უფრო კეთილგონიერს ახლა ვუპასუხებ. და ამით დავასრულებ თემის ამ ნაწილზე საუბარს.


1) ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება, შარშანდელი ფორმისაგან შორს არის, მაგრამ ეს კლუბში დიდი ცვლილებების გამო უფროა და მეორეც – ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა გულისხმობს გარდაუვალ ზიგ-ზაგს.
2) შეფასება, მით უფრო სამწერლო, კალენდალური ამბავი არ არის – ხვიჩამ იმ ერთი სეზონით უკვე ფუნდამენტური საქმე გააკეთა, ქართველ ბავშვებს მესის და რონალდუს მაისურებზე საკუთარი გადააცვა, სამშობლოში ფეხბურთისადმი ნიჰილიზმი გააუქმა (მერე სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც შეემატნენ), ხოლო ქართულ ემიგრაციაში სიამაყის ტალღამ გადაიარა. გადაიარა, მაგრამ ამ ტალღას სხვა საყრდენი სჭირდებოდა, რომელიც მე ვიგრძენი მაშინ, როცა ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკის გახსნაზე ჟურნალისტებმა მკითხეს- გვქონდა თუ არა კულტურა, რა განგვასხვავებდა რუსეთისგან და იყო თუ არა საქართველოში შესაბამისი საფეხბურთო ტრადიცია. ამ წიგნის მთავარი განზრახვა ეგ იყო – ხვიჩას ელჩობით, ფრაგმენტულად და ესკიზურად ფეხბურთელის წინაპრები, სოფელი, კუთხე, სამშობლო, ქართული ფეხბურთის ისტორია და სხვა ამბები გაეცნო. და ამას გააკეთებს კიდეც. და ხვიჩა ითამაშებს დიდ ფეხბურთს. და მასზე უკეთესი წიგნებიც დაიწერება.
