„2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთში მეგობარი ქვეყნებიდან შეტანილ ქათმის კვერცხზე სატარიფო შეღავათი იმოქმედებს. ქათმის კვერცხის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას მთავრობამ დაუჭირა მხარი. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი დეფიციტია.
„გადაწყვეტილება მოკლევადიან პერსპექტივაში დაეხმარება საკვები კვერცხების შიდა ბაზრის დაბალანსებას და მიწოდების ზრდის უზრუნველყოფას,” – ნათქვამია ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებაში. ამ ინიციატივას მხარი ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამაც დაუჭირა.
ქათმის კვერცხებზე იმპორტის გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შიდა ბაზრის საქონლით გაჯერების ოპერატიულ ღონისძიება უწოდა. ამ პროდუქტების მიწოდების გაზრდის მიზნით ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს მეგობარ ქვეყნებთან: კვირის ბოლომდე ქვეყანაში კვერცხის პირველ მიწოდებას აზერბაიჯანიდან, უახლოეს მომავალში კი თურქეთიდან ელოდებიან.
ოქტომბერში, საცალო ქათმის კვერცხები გაძვირდა ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 23,9%-ით 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით. ნოემბერში ფასები ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 15%-ით გაიზარდა, ზოგიერთ რეგიონში ზრდამ 28,6%-ს მიაღწია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ზრდა გამოწვეულია იმით, რომ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას.
განიხილება თუ არა ქართული კვერცხის ექსპორტი რუსეთში, ამასთან დაკავშირებით კომერსანტი მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილს დაუკავშირდა. უჩუმბეგაშვილის თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ განიხილება, რადგან ქართული წარმოება არაა იმ მოცულობის, რომ მსგავს გადაწყვეტილებებზე იფიქროს.
„ამ ეტაპზე არ განიხილება, ჯერ ერთი რუსეთში კვერცხის დეფიციტი მოულოდნელი იყო, თან რუსეთს იმხელა ბაზარი აქვს, ამხელა წარმოება, რომ ქართულ ბაზარსაც გავწვდეთ და რუსეთშიც გავიტანოთ არ გვაქვს. საქართველოშიც კი იმპორტია გაზრდილი. ჩვენი მთავარი მიზანია რომ საქართველოს ბაზარზე არც დეფიციტი წარმოიქმნას და არც ფასი გაიზარდოს,“ – განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.“
წყარო: commertant.ge