თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში.
„თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.