თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, საახალწლო ბაზარი კი 16 დეკემბერს მოეწყობა.
„მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, წარდგება Stefano Signoroni. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ჩავიფიქროთ და ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.
