2020 წელი უმძიმესი აღმოჩნდა ნინი შერმადინის ცხოვრებაში. მომღერალს აპრილში მამა დაეღუპა, დეკემბერში დედა. შერმადინი წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. მისი გოგონა, მარიამი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. მამის გარდაცვალება პირველ ჩაკეტვას დაემთხვა, მაშინ ქვეყნებს შორის ფრენაც კი აკრძალული იყო… დედა რომ დაეღუპა, საღამოს უკვე სამშობლოში მოფრინავდა.
ახლა ნინის იმედი აქვს, რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს მალე წაიყვანს ამერიკაში. უმძიმესი დღეების გადატანის მიუხედავად კი ამბობს, რომ არ გაბოროტებულა და მადლიერია, რომ მძიმე დღეებში უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით.
“ვერ წარმოიდგენთ მე როგორი დღეები გადავიტანე. ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის. მამაჩემი ნოდარ შერმადინი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე კაცი იყო, ვისაც კი დედამიწაზე ვიცნობ. მსგავსი სულიერად სუფთა ადამიანები არ არსებობენ. ბოლომდე ბავშვი ცხოვრობდა მასში. ყველაფერი გამოსდიოდა – ეს იყო მიწასთან მუშაობა, მშენებლობა, მანქანის მართვა, კულინარია და რაც მთავარია., ძალიან მაგარი მამობა შეეძლო. ყველა ასაკში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მაღაზიაშიც კი არ დავდიოდი მის გარეშე. როდესაც ვეტყოდი, მამა, წამოდი, წავიდეთ, სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ უკვე მზად იყო და მანქანაში იჯდა. ბავშვივით უხაროდა რამეს რომ ვთხოვდი.
მამაჩემი ჩემი შვილისთვის მამაც იყო, ბაბუაც, დედაც და ძმაკაციც. მისი დიაგნოზის შესახებ თებერვალში გავიგეთ. თურქეთში გადავაფრინეთ და ექვსი თვე მოგვცეს დრო. ვუყურებდი რენტგენის სურათს და არ მჯეროდა, რასაც ვხედავდი. მამას დიაგნოზი ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე იყო, მეოთხე სტადიაში. აპრილში წაიყვანა უფალმა თავისთან. ეზიარა და მისი ბოლო სიტყვები იყო – სადიდებლად უფლისა. ვნების კვირაში წაიყვანა უფალმა თავისთან… მონატრება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ იქ უკეთეს ადგილას არის
სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მაშინ ჩამოსვლა. საზღვრები დაკეტილი იყო და ფრენები აკრძალული, უკვე პანდემია იყო გამოცხადებული. ასე შორიდან ვიტირე მამა, მაგრამ არ მინდოდა, რომ დედას ენახა როგორ განვიცდიდი. პირიქით, ვამშვიდებდი, იქ უკეთესადაა და ყველა იქ წავალთ-თქო. დედას ვამხიარულებდი, ვაცინებდი, ბევრს ვეჭორავებოდი, ვიხსენებდით მამიკოს, რომელსაც სასწაული იუმორი ჰქონდა, კახური და მთიულიური ერთად. ასე მეგონა მარჯვენა ხელი მომაჭრეს, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ დედიკო ცოცხალი მყავდა.”