მომღერალმა სალომე გოგიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თავის ოჯახზე, სამსახურსა და სიდუხჭირეზე.
„ალბათ, 15 წლის ვიყავი. კონცერტებს ვაკეთებდით ცნობილი მომღერლების მონაწილეობით და ბილეთებს ვყიდდით. არ მახსოვს რამდენი, მაგრამ ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა და ჩემი პირველი ჰონორარით დედას გამათბობელი ვუყიდე. არ გვქონდა, ძალიან გვჭირდებოდა და ამაყი ვიყავი, რომ ოჯახისთვის ასეთი ნივთი შევიძინე. მერე კარაოკე მიმყავდა. იქ ასი ლარი იყო ჩემი ხელფასი და ღამეებს ვათენებდი ამ თანხისთვის. ამასთან ერთად, კიდევ ოთხ სამსახურში ვმუშაობდი და საერთო ჯამში, ნორმალური თანხა გროვდებოდა. ჩემთვის არაფერი მრჩებოდა, მაგრამ ოჯახს ვახმარდი.
ყველა ადამიანი მაღალანაზღაურებად სამსახურს ეძებს, მაგრამ მე ამაში არასდროს მიმართლებდა. ყოველთვის ბევრად მეტს ვშრომობდი, ვიდრე ანაზღაურება მქონდა. ასეთი ტიპი ვარ, ოღონდ დავიწყო და ვიწყებ მინიმალურზე, იმის იმედით, რომ ჩემი შრომა აუცილებლად დაფასდება და ყველაფერი კარგად იქნება. ხშირ შემთხვევაში, ჩემი იმედი არ მართლდება ხოლმე და ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ამ პერიოდებში ძალიან კარგი სანაცნობო წრე შევიძინე“. – ამბობს სალომე გოგიაშვილი.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ფულის გახდა ჯარიმებში არ უყვარს…
„ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს უყვარს. არადა, მე და ჯარიმები, თამამად ვიტყვი, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ყოველ გადახდაზე ყველას ისე „გემრიელად ვიხსენიებ“ (იცინის).
ცნობილი გამოთქმაა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და რეალობაც ასეთია. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რამდენჯერაც არ უნდა მითხრათ, რომ ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება, მე პირიქით, მომხრე ვარ, ადამიანმა ზრდილობის ფარგლებში გამოთქვას ის, რასაც ფიქრობს, როცა მას საკუთარ აზრს ეკითხებიან. კი, დღეს ფულით ყველაფერს იყიდი, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა…
როგორც არ უნდა ამტკიცონ ვიღაცებმა, რომ ეს სისულელეა, ვწუხვარ, მაგრამ ეს სიმართლეა. შენს მეგობარს თუ ბევრი ფული აქვს, რომ გაგიჭირდეს არ დაგეხმარება?! არ ემეგობრები ეგეთ ადამიანს?! როგორც კი ასეთი ადამიანები უცებ „ჩავარდნილან“ და ნულზე დარჩენილან, არ გაგიგიათ, რომ უთქვამთ, უახლოესი მეგობრები, სულ რომ გვერდით მყავდნენ, უცებ სადღაც გაქრნენო?! ვინც ამტკიცებს, ასეთი რამ გამორიცხულიაო, ისინი, უბრალოდ, ტყუილში ცხოვრობენ, თორემ ფაქტია, რომ ფულის გარეშე ჯანმრთელობასაც ვერ შეინარჩუნებ. თუ ნორმალური შემოსავალი არ გაქვს, უბრალოდ, მოკვდები შიმშილისგან და უწამლობისგან. ამ დროში ყველაფერი ფულის საჭიროებამდე მიდის და კი, ის ნამდვილად ბევრ რამეს განსაზღვრავს…“ – თქვა გოგიაშვილმა.
